აჭარის ტელევიზიაში თუ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მომხდარიყო-სოფო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლებს და მათ შორის, ნათია კაპანაძესაც შეხვდეს.

როგორც სოფო კილაძემ განაცხადა, დემოკრატიულ ქვეყანაში მედიის თავისუფლება აბსოლუტური პრიორიტეტია.

„აჭარის ტელევიზიაში თუ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მომხდარიყო. როდესაც კითხვის ნიშნები არსებობს, აქ საჭიროა კონკრეტული მტკიცებულებების და ფაქტების მოტანა. თუ ასეთი ფაქტები ნამდვილად გამოიკვეთა მე და ჩვენი კომიტეტი ღიაა იმისთვის, რომ ტელევიზიის წარმომადგენლები, მათ შორის ნათია კაპანაძეც, მობრძანდნენ და ჩვენ ამ საკითხს ერთად გავივლით. ეჭვის დონზე თუ რაიმე ნამდვილად დადასტურდა, ამაზე აუცილებლად გვექნება რეაგირება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებაში ხელისუფლების ჩარევას, აღნიშნა, რომ როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სპეკულაციების უფლება არ აქვს.

„ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგე. მით უფრო, როდესაც საქმე მედიას და მის თავისუფლებას ეხება. კონკრეტული დარღვევების გამოკვეთის შემთხვევაში ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება უნდა მიეცეს. ახლა კითხვაა ეს დარღვევა ნამდვილად მოხდა თუ არა და ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ჩვენი კომიტეტი ღიაა და მომართვის და შესაბამისი ფაქტები წარმოდგენის შემთხვევაში ამაზე სამართლებრივი რეაგირება გვექნება. ინფორმაციის მოძიებას მეც ვეცდები. თუმცა ოპოზიციის განცხადებებს ნამდვილად ვერ დავეყრდნობი, რადგან ოპოზიცია აბსოლუტურად ყველაფერზე სპეკულირებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა

banner
წინა სტატიაშიგამომძიებლებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოახდინონ მოტივის იდენტიფიცირება – ნათია მეზვრიშვილი
შემდეგი სტატიააპელირებთ იმიტომ რომ ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ-მამუკა მდინარაძის პასუხი ოპონენტებს