“აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლების ღია ზეწოლის მსხვერპლია” – “ნაციონალური მოძრაობა” არხს სოლიდარობას უცხადებს

“ნაციონალური მოძრაობა” აჭარის ტელევიზიას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია საუბარი. პარტიაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს მრჩეველთა საბჭო და ამ გზით გავლენ მოიპოვოს დამოუკიდებელ მაუწყებელზე. როგორც ცნობილია აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო არხის დირექტორის ნათია კაპანაძის გადადგომას ითხოვს. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ნათია კაპანაძე გამოირჩევა თავისი მაღალი პროფესიონალიზმით და დამოუკიდებლობის სტანდარტით, რის გამოც ის მიუღებელია „ოცნების“ ხელისუფლებისთვის.

პარტია მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და საქართველოს სახალხო დამცველს მოახდინონ რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე.

„დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქალაქის მიერ დაფინანსებული და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობა ყოვლად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. მედიაზე ამგვარი თავდასხმა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს.

კანონმდებლობით შექმნილი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიების მიუხედავად, მრავალი წელია მუდმივ წნეხს განიცდის საზოგადოებივი მაუწყებელი. კერძო მედია საშუალებებზე ასევე მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმა. ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი გაცხადებულად საუბრობს ტელეკომპანია რუსთავის 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების სურვილზე და იყენებს მართლმსაჯულების სისტემას ამ მიზნის მისაღწევად. ვლინდება, რომ სწორედ ტელეკომპანიებზე გავლენების მოპოვების მიზნით ახორციელებს ივანიშვილი ზეწოლას არაერთ ბიზნესმენზე.

დღეს ღია ზეწოლის მსხვერპლია ასევე აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზია, სადაც მრჩეველთა საბჭოს წევრების გამოყენებით ხელისუფლება ცდილობს თანამდებობიდან გადააყენოს ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის სტანდარტით და ქვეყანაში არსებული მძიმე მედია გარემოს მიუხედავად ქმნის აჭარის ტელევიზიისთვის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისთვის ყველა საჭირო პირობას. ამას ადასტურებს არაერთი მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ანგარიში.

ვგმობთ მიზანმიმართულ თავდასხმას ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფი მრჩეველთა საბჭოს წევრების გამოყენებით. სწორედ პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე მოქმედებს მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით არჩეული აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე, რომლის პოზიციას ემიჯნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მოუწოდებს თავი აარიდოს მედიის წინააღმდეგ სახელისუფლებო რეპრესიებში თანამონაწილეობას,”-ნათქვამია “ნაციონალური მოძარობის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერის მოადგილეების შრომის ანაზღაურება 100 პროცენტზე მეტად გაიზარდა – აუდიტის სამსახური
შემდეგი სტატიავერავინ ვერ შემაჩერებს, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას… ძალიან გაუჭირდებათ პროვოკაციების მოწყობა