აჭარაში სტიქიას ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

აჭარაში სტიქიას მსხვერპლი მოყვა, სოფელ თხილნარში. საკალმახე მეურნების გაწმენდის დროს ადიდებულმა წყალმა 28 წლის მამაკაცი ჩაიყოლა. ცხედარი რამდენიმე საათში ზღვამ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე გამორიყა.

სოფელ ერგეში, ბაშკო-ეკალაურის უბანში მცხოვრები 30-მდე ოჯახი ადიდებულმა ღელემ გარესამყაროს მოწყვიტა. ხიდის მშენებლობისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარია გამოყოფილი.

უხვმა ნალექმა ხელვჩაურში პრობლემები შეუქმნა რამდენიმე ოჯახს. ძლიერმა წვიმამ საკარმიდამო ნაკვეთში განმეორებითი მეწყერული მოვლენები გამოიწვია, გზებზე განვითარდა ნიაღვარი და ქვათაცვენა. მნიშვნელოვნად დაზიანდა 6 სოფელი.

ცხელ ხაზზე ასამდე ზარია შესული.
ბათუმში კი უხვმა ნალექმა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დატბორვა და მეწყერული მოვლენები გამოიწვია. ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო შტაბები მუნიციპალიტეტებში. შესაბამისი სამსახურები დღის მანძილზეც აქტიურად აგრძელებდნენ სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრას.

აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენებით დაზიანებული ობიექტები მოინახულა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა გიულენის ორგანიზაციებს მილიარდობით დოლარის საკუთრება ჩამოართვა
შემდეგი სტატიაეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე მიხეილ ჯანელიძე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრებს