აჭარაში სტიქიას ებრძვიან – მთავრობის თავმჯდომარემ თხილნარში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს მიუსამძიმრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენებით დაზიანებული ობიექტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად შემოიარა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ხელვაჩაურში რამდენიმე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში განმეორებითი მეწყერული მოვლენები გამოიწვია, გზებზე განვითარდა ნიაღვარი და ქვათაცვენა. მნიშვნელოვნად დაზიანდა ექვსი სოფელი.

სტიქიას მსხვერპლი მოყვა სოფელ თხილნარში. საკალმახე მეურნების გაწმენდის დროს, ადიდებულმა წყალმა 28 წლის მამაკაცი ჩაიყოლა. ცხედარი რამდენიმე საათში ზღვამ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე გამორიყა. ზურაბ პატარაძემ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

სოფელ ერგეში, ბაშკო-ეკალაურის უბანში მცხოვრები 30-მდე ოჯახი ადიდებულმა მდინარემ გარესამყაროს მოწყვიტა. ხიდის მშენებლობისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი.

ამ მომენტისთვის, ცხელ ხაზზე 100-მდე ზარია შესული და მათზე რეაგირება აქტიურად ხორციელდება.

პირველ სექტემბრის ღამით აჭარის ზღვისპირა ზოლში მოსულმა უხვმა ნალექმა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორვა და მეწყრული მოვლენები გამოიწვია. ღამის განმავლობაში, მუნიციპალიტეტებში საგანგებო შტაბები მუშაობდა. შესაბამისი სამსახურები სტიქიისგან მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის აღმოფხვრას დღის განმავლობაშიც ახორციელებდნენ.

ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ზარალი უმნიშვნელოა. ქობულეთსა და ხელვაჩაურში კი, ზარალის დათვლა დაწყებულია და მისი ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე მიხეილ ჯანელიძე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრებს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე : მე უგულავას ნაჩუქარი, ივანიშვილს კი ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა