აჭარა 2016 წელს სავარაუდოდ ბიუჯეტის გარეშე შეხვდება

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო. მთავარმა ფინანსურმა დოკუმენტმა აჭარელი დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

აჭარის ბიუჯეტს მხარი მხოლოდ 10-მა დეპუტატმა დაუჭირა, დოკუმენტის მისაღებად კი 11 ხმა იყო საჭირო.

ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს “თავისუფალმა დემოკრატმა” თემურ კახიძემ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ. აჭარის უმაღლესი საბჭოს სამმა ოპოზიციონერმა წევრმა კი კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს მხოლოდ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ დაუჭირა მხარი, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის წევრია.

აღნიშნული შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის, რომელიც ბიუჯეტის პროექტის მთავარი მომხსენებელი იყო. დავით ბალაძის განცხადებით, დეპუტატების ნაწილმა გადაწყვეტილება პირადი ინტერესებით მიიღო და ისინი რეგიონში კრიზისის მცდელობაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბიუჯეტი ხელოვნურადაა გაზრდილი და ის საარჩევნო წელზეა მორგებული. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აჭარის 2016 წლის ბიუჯეტი არარეალისტურია.

იმ შემთხვევაში თუ რეგიონის მინისტრთა კაბინეტი, აჭარის უმაღლეს საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტს 31 დეკემბრამდე ხელახლა არ წარუდგენს და მისი დამტკიცება ისევ არ მოხდება, აჭარის მთავრობა ახალი წლიდან მუშაობას ძველი, 2015 წლის ბიუჯეტით გააგრძელებს. ყოველთვიურად მთავრობა რეგიონის ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობას, მიმდინარე ბიუჯეტის ერთ მეთორმეტედს, 15 მილიონ ლარს დაახარჯავს. აჭარის მთავრობას ახალი ბიუჯეტის ხელახლა წარდგენის ვადა უმაღლეს საბჭოში მომავალი წლის 31 მარტამდე აქვს.

2016 წლის აჭარის ბიუჯეტი პროექტის თანახმად 233 მილიონ ლარს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტი 48 მილიონით იზრდება.

banner
წინა სტატიაშიზიმბაბვეს პრეზიდენტის ცოლი ხელისუფლების მითვისებაშია ეჭვმიტანილი
შემდეგი სტატიავინ შეიძლება დარჩეს თამაშგარე მდგომარეობაში -საკადრო ცვლილებები