აცემინეს და ბოლოს მკვდარი გაიტაცეს – ნოდარ მელაძე სამართალდამცველების ქმედებებზე

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე “მთავართან” საუბრისას ამბობს, რომ ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.

“მე რომ მოვედი დედა იყო თავის შვილთან ჩახუტებული. ძალიან მძიმე სანახავი იყო, შევეცადე დამეწყნარებინა, მითხრა, რომ ერთადერთი შვილი აღარ მყავს, მეტი რაღა აზრი აქვს რამეს. ამის შემდეგ მოვიდნენ პოლიციელები, გვითხრეს, რომ ჩვენ გამოვსულიყავით გარეთ, ფორმებს აღარ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მიჩვეული ვართ მათგან ამას, გარეთ გამოვედით ვიდექით და მესმის ყვირილის ხმა, სადაც იყვნენ მხოლოდ ოჯახის წევრები, ლექსოს დედა, დეიდები, მეუღლე… დედას ჰქონდა ხმამაღალი საუბარი, როგორც მივხვდი საუბარი იყო ცხედრის გადასვენებასთან დაკავშირებით. დედა ამტკიცებდა, რომ ჩემი ქმარი გაჭრეს, მოვიდნენ აქ გაკერილი დამახვედრეს, ჩემ შვილს აღარაფერი ეშველება და ექსპერტიზაზე არ მინდა რომ გადაასვენოთ.

დაძაბული საუბარი მიდიოდა, უცებ ვხედავ კარი იღება, რამდენიმე პოლიციელს ტომარაში ჰყავს ჩადებული, საკაცეც კი არ შეიტანეს და მოათრევენ ამ ცხედარს და დედამისი მოსდევს უკნიდან. შეიყვანეს ლიფტში, ლიფტი გაეჭედათ….ოპერატორს ვუთხარი, რომ გადაიღეთ… ბოლოს კიბეებზე ჩაათრიეს ეს ცხედარი დედა მისდევს და ამ ქალს ხელები სულ დაწითლებული ჰქონდა.

ექსპერტიზა რომ უნდა ჩატარდეს, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ნუთუ დავიჯერო, ამ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამხელა მონსტრში არ არის ერთი ფსიქოლოგი, ვინც მოვიდოდა და ქალს აუხსნიდა”,- თქვა ნოდარ მელაძემ.

დღეს, 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ოპერატორს 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იოანე გამრეკელი “მთავარი არხის ჟურნალისტს” დაემუქრა
შემდეგი სტატიაწითელი საღებავი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე- ელენე ხოშტარიას პროტესტი