გაბუნია: გოგელიას კლინიკაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, რეგულირების სააგენტოს მაკონტროლებლის მანდატი აქვს, ხოლო როდესაც სამედიცინო დაწესებულება შეჩერებული ლიცენზიის მიუხედავად, განაგრძობს საქმიანობას, ეს სამართალდარღვევაა.

„რეგულირების სააგენტოს რა თქმა უნდა, მთელი რიგი მიმართულებებით მაკონტროლებლის მანდატი აქვს. როდესაც ლიცენზია შეჩერებული აქვს სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო საქმიანობას არ უნდა ეწეოდეს, ეს არის სამართალდარღვევა. ამ შემთხვევაში, საკითხი უკვე სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია ხდება, ვიდრე რეგულირების სააგენტოსი, რადგან რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება სრულდება იქ, სადაც მან გასცა უკვე ბრძანება და მითითება, რომ კონკრეტულ დაწესებულებას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება. აქ უკვე წყდება რეგულირების სააგენტოს კომპეტენცია და შემდეგ, რა თქმა უნდა, თუ ასეთი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი ხდება, რეგულირების სააგენტო სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად იძიებს ამ ფაქტს და აქვს შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაძლიერებასთან დაკავშირებით გასულ წელს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დააინიცირეს.

„რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, გასულ წელს ინიცირებული გვქონდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაძლიერებას იმ კუთხით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მას ჰქონოდა დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა, კლინიკის ან ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების შემოწმების დროს. ჯერჯერობით, არ დასრულდა კანონის ცვლილებების პროცესი, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ. ასევე, ეს ცვლილება ითვალისწინებდა საჯარიმო სანქციების გადახედვას და მთელი რიგი მექანიზმების მეტად გაძლიერებას მარეგულირებლის ფუნქციების გაძლიერებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება უშუალოდ გოგელიას კლინიკას, თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკაში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მისივე თქმით, გოგელიას კლინიკაში მომხდარი შემთხვევა და ზოგადად მსგავსი ფაქტები საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

„გოგელიას კლინიკაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, როგორც კი გვექნება საბოლოო პასუხი, რა თქმა უნდა, გავასაჯაროებთ. ტესტირების პროგრამის ხარისხის მონიტორინგს და ხარისხის უზრუნველყოფას ახორციელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. გარდა ამისა, რეგულირების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის სამმართველო ასევე სისტემატურად აკეთებს ხარისხის მონიტორინგის ვიზიტებს, რაც უკავშირდება ინფექციის კონტროლის ზომების დაცვასა და ტესტის ჩატარების სისწორის შეფასებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი ტიპის ფაქტები ბუნებრივია, აჩენს ეჭვებს ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ძალიან ცუდია თუკი ასეთი ფაქტები ხდება სადმე. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ტიპის ფაქტების სამართლიანი და ობიექტური გამოძიება დროულად დასრულდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტრო: 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: სტრასბურგში საქართველომ მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვება, აგვისტოს ომი მძიმე შედეგებით დასრულდა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, მმართველი, რომლის პირობებშიც დაიკარგება ტერიტორიები, დაკანონდება ოკუპაცია, როგორ უნდა ბედავდეს არათუ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარს, არამედ პოლიტიკაში დარჩენას