“აბსურდის ტირაჟირება”, ანუ რუსული სამარცხვინო ნარატივი საქართველოს საპატრიარქოს ტრიბუნიდან!

“კეთილი უვიცობა ცუდ ცოდნაზე უმჯობესია”. წმ. იოანე ოქროპირი

ოპერაცია “აბსურდის ტირაჟირება”, ანუ რუსული სამარცხვინო ნარატივი საქართველოს საპატრიარქოს ტრიბუნიდან!

როგორც ვხედავთ, ჩრდილოვანი მდგენელი, კრემლის პოლიტიკური საცეცები და გავლენის სფეროები არ კმაყოფილდება ტერიტორიული ოკუპაციითა თუ სამხედრო ინტერვენციით და პერიოდულად, აგრესიის ბევრად უფრო მძლავრ მანქანას იყენებს. მავანი არ ერიდება საზოგადოების ცნობიერების გამრუდებასა თუ ობიექტური სინამდვილის უტიფრულ მიჩქმალვას და პროპაგანდისტული იდეოლოგიის კულტივაციას საქართველოს სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი კათედრიდან ახმოვანებს.

სამწუხაროდ, გუშინ, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 102 წლის თავზე, პირდაპირ და გულწრფელად თუ ვიტყვით, მეტად უსაფუძვლო, არაკორექტული, უსამართლო და ალოგიკური ქადაგება მოვისმინეთ სახელდობრ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მხრიდან, რომელიც დიდი ალბათობით მისივე “კვალიფიციური, კომპეტენტური და ადექვატური” მრჩევლებისგან თუ გარემოცვისგან ინსტრუმენტალიზებული აღმოჩნდა, მაშინ, როცა არც მეტი, არც ნაკლები, სავსებით შეუსაბამო და გაუგონარი რეპლიკა წარმოთქვა კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან დაკავშირებით, სადაც მისი აზრით “1500 წელი დასჭირდა კონსტანტინეპოლს იმისათვის, რათა ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია”.

პროფესიული კეთილსინდისიერებიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თავს მოვალედ ვთვლი უყურადღებოდ არ დავტოვო აღნიშნული გზავნილი, რომელიც გარდა ისტორიულ-კანონიკური აბსურდულობისა, თავის თავში შეიცავს აშკარა მავნებლობის, დემაგოგიისა და მრევლის შეცდომაში შეყვანის გამიზნულ ლაიტ-მოტივს, რომელიც საკუთრივ საპატრიარქოს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მთავარ მოწოდებად ჩამოყალიბდა უკანასკნელ პერიოდში.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ კონვენციონალიზმში ჭეშმარიტება არის შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული დებულება, რომლის მიღება ხელსაყრელია მხოლოდ ვიწრო ჯგუფისთვის და ვგონებ, ამ ტენდენციის თვალსაჩინოებასთან გვაქვს საქმე მოცემულ სიტუაციაშიც.

ოფიციალური თეზის მიხედვით, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალურობა 486 წელს პენტარქიის წარმომადგენლისგან, ანუ ანტიოქიის პრესვიგენული საყდრისაგან მიიღო. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის ლეგიტიმურობა, ავთენტიკურობა და ნამდვილობა, ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია არცერთ ავტოკეფალურ ეკლესიას, გარდა რუსეთისა, რომელმაც ძალმომრეობითი აქტის შედეგად 1811 წელს თავხედურად გააუქმა საქართველოს ეკლესიის ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა და ხელყო მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ადგილობრივი, სუვერენული ერთეულისა. ამდენად, კონსტანტინეპოლის მხრიდან “დამატებითი სიგელ-ტომოსის” მონიჭების აუცილებლობა ბუნებრივად არ დამდგარა არცერთ ეპოქაში, გამომდინარე იქიდან, რომ ანტიოქიის გულმოწყალებას იგი იმთავითვე იზიარებდა, ცნობდა და აღიარებდა იბერიის ეკლესიასთან მიმართებაში. თავად ის ფაქტიც, რომ ფანარი ამ ხნის (1500 წელი) მანძილზე ევქარისტიულ და ლოცვით ერთობაში თანამსახურებდა ჩვენს ეკლესიასთან, ნუთუ არ არის საკმარისი არგუმენტი იმისათვის, რომ მსგავსი კაზუისტიკა, მომიტევეთ და არ იკადროს პირველიერარქმა, თუნდაც ის გარკვეულ ვალდებულებებს ფლობდეს “დედა რუსეთთან”! ამ შეხედულების დანერგვას მოაქვს არა უბრალოდ ანტიკონსტანტინეპოლისეული ტრენდის დასახვა, არამედ მსგავსი დისკურსის შემოტანა ავტომატურად გულისხმობს წინამორბედი მამამთავრების შეურაცხყოფასა და საქართველოს ეკლესიის 1500 წლოვან სქიზმატურობას, რაც უპრეცედენტო ექსკლუზივია უშუალოდ ილია II-ისა და მისი ადმინისტრაციული კოლეგიის (მოსაყდრე და ძმანი მისნი) მხრიდან! ნათქვამია: როცა მზე ჩადის, ქონდრის კაცებსაც დიდი ჩრდილები აქვთო!.. რაც მის გარემოცვაზე ზედგამოჭრილია!

ალბათ, სიმბოლური და ნიშანდობლივია ისიც, როცა რუსული იმპერიალიზმის ხუნდებისაგან დახსნის დღესაც კი, თვით ავტოკეფალიის აღდგენის ზეიმზე, კონსტანტინეპოლის საყდრის ირიბ თუ პირდაპირ გაკილვას იწყებ, რაც, ვის შეუძლია ითავოს, თუ არა ორჯონიკიძეში დაბადებულ პიროვნებას, რომელსაც საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილი შეუვალ ავტორიტეტად მიიჩნევს, თანაც ისე, რომ არაფრად დაუდია წმინდა წერილი, სჯულის კანონი, საღვთო გარდამოცემა და პატრისტიკული მემკვიდრეობა, რის მიხედვითაც რეალური სწავლა-მოძღვრებითი უცდომელობა განიზომება!

არადა, რწმენა დგას არა ცოცხალ ავტორიტეტებზე, არამედ იესო ქრისტეზე!

P.S. ის, რომ დღეს საქართველოს ეკლესია არის ავტოკეფალური, ერთმნიშვნელოვნად კონსტანტინეპოლის კეთილი ნების დამსახურებაა, რადგან, პრინციპში, რუსეთის სატელიტურ ადმინისტრაციას, რომელიც ათეულობით წლებია, რაც დე-ფაქტო საეგზარქოსოს როლს უფრო ასრულებს, ვიდრე დამოუკიდებელი სუბიექტისას, ნამდვილად არ ეკუთვნოდა თვითთავადობა! და სწორედ 1500 წლის მანძილზე, რომ ერთგულად ცნობდა და მხარს გვიჭერდა, იმის ჟესტიკულაციური გამოხატულება იყო 1990 წლის ტომოსიც, რაც შემდეგში ცალკეულმა პირებმა, რომელთაც “ცოცხალ წმინდანებს” უწოდებენ, საკუთარ თავზე მიიწერეს!

თეოლოგი
გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი – ნატო-ს წევრობისთვის დღესაც მზად ვართ, თუმცა ეს პოლიტიკური საკითხია