აბესაძე უგულავას საქმეზე: ნებისმიერი მოლოდინი გვაქვს, რადგან საქმე მართლმსაჯულებას არ ეხება

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ირაკლი აბესაძის, თქმით, თანაგუნდელ გიგი უგულავას საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს, პარტიაში “ნებისმიერი მოლოდინი” აქვთ.

“ვინაიდან, ჩვენ საქმე არ გვაქვს მართლმსაჯულებასთან, ჩვენ საქმე გვაქვს ივანიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან,”- ამბობს აბესაძე.

აბესაძის თქმით, გიგი უგულავას საქმე ნათლად აჩვენებს ქართული ოცნების “სრულ ისტერიკას”, რომელიც “კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, მართლმსაჯულების აბუჩად აგდებით” ერთსა და იმავე საქმეზე მესამედ აპირებს, რომ უგულავა ციხეში გაუშვას.

“მართლაც ღიმილის მომგვრელია, რომ უგულავას ედავებოდნენ ხარჯებზე, რომლებიც ახლა ქართული ოცნების პირობებში გაორმაგებულია,” – ამბობს ირაკლი აბესაძე.

დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე კვლავ არის გააქტიურებული პოლიტიკური ოპონენტების და ამ შემთხვევაში გიგი უგულავას “გაჩერების მცდელობით”.

“ეს ყველაფერი აზიანებს თავად ივანიშვილს, ქართულ ოცნებას, ასუსტებს მის პოზიციას ქართულ საზოგადოებაშიც, საერთაშორისო ასპარეზზეც და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან დააჩქარებს მისი ხელისუფლების ჩამოშლასა და დასრულებას ამ ქვეყანაში,”- ამბობს აბესაძე.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: საწყენია თქვენი ქვეყნისთვის ამ ეპოქის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს რუსულ ენაზე ლანძღავთ
შემდეგი სტატია„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში საკონსულტაციო და საინფორმაციო ცხელი ხაზი შეიქმნება