26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

აბაშის “საქართველოს ბანკში” მომხდარი ინციდენტის დეტალები: დაკავებული, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა

აბაშაში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში სანადირო თოფით შეიარაღებული ახალგაზრდა კაცი შეიჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, მას ბანკის დაყაჩაღება ან ფულის წაღება არ უცდია. დაკავებული, სავარაუდოდ, სენაკის ბაზაზე მომსახურე მოქმედი სამხედროა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „პირველები“ ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, კაცს სამხედრო ფორმა ეცვა. მან ბანკში სანადირო იარაღიდან მხოლოდ ერთხელ გაისროლა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფ ადამიანებს სთხოვა, 112-ში დაერეკათ, რათა პოლიციას ის მალე დაეკავებინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ბანკში შევარდა პიროვნება, დაყაჩაღების მიზნით არა. სანადირო იარაღიდან ერთხელ გაისროლა და მოითხოვა, 112-ში დარეკეთო. იძახდა — დამასვენეთო. [ძარცვის] მცდელობა არ ჰქონია. ჯარის ფორმა ეცვა… შეიძლება რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი ჰქონდა. არც ფული მინდა, არ შეგეშინდეთ, უბრალოდ მილიციას დაუძახეთო — ეს სიტუაცია იყო“, — უყვება „პირველებს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივების ვერსიით, ახალგაზრდა კაცს, სავარაუდოდ, მძიმე ოჯახური ან ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მისი მიზანი სწორედ სამართალდამცველების მიერ მისი აყვანა იყო. პოლიციამ ის ადგილზევე დააკავა.

ამ დროისთვის ბანკის ფილიალში საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ბანკის თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით გამოკითხვაზე უკვე გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-6 კლასტერის გახსნას დათანხმდა
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზის ობიექტებსა და მატარებლებს დღეიდან დაცვის პოლიცია გააკონტროლებს