აბაშიძე: თუკი ვინმე თვალთმაქცობს, კვლავ რუსეთია

თუკი ვინმე თვალთმაქცობს, კვლავ რუსეთია – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს.

“ამ კონტექსტში თუკი ვინმე თვალთმაქცობს, კვლავ რუსეთია. მოსკოვში კარგად მოეხსენებათ, რომ კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2008 წელს არ დაწყებულა. მოსკოვში ისიც კარგად იციან, თუ ვინ და როგორ უწყობდა ხელს ამ კონფლიქტების გაღვივებას. ამაზე არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი არსებობს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მომზადდა. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს, რასაც ადასტურებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ცალკეული სახელმწიფოს სხვადასხვა სახის რეზოლუციები და განცხადებები. თუ რუსეთს სურს კონსტრუქციული დიალოგი, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების ხელყოფას არ შევეგუებით და არსებულ ვითარებაში ვერც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოხდება”.

გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ფართომასშტაბიანი ნორმალიზებისთვის სერიოზული პოლიტიკური დაბრკოლებები არსებობს.

მისი თქმით, დაბრკოლება არის ის, რომ თბილისს არ სურს ახალი პოლიტიკური რეალიების აღიარება, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეიქმნა, ისევე, როგორც არ სურს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის დემონსტრატიული გადაწყვეტილების გადახედვა.

“თბილისში უყვართ საუბარი, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით პირველ რიგში იმედოვნებდნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების მიღწევას, მაგრამ მოტყუვდნენ. ეს სუფთა მელაკუდობაა. თავიდანვე გავაფრთხილეთ ქართველი პარტნიორები, რომ ურთიერთობების ნორმალიზება არ შეასუსტებს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს პროცესები სხვადასხვა განზომილებაშია. რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც თბილისი იქნება ამისთვის მზად. დაინტერესებულნი ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით, მაგრამ ეს არ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე საბედისწერო გადაწყვეტილებებზე უარის თქმის ხარჯზე”, – აცხადებს გრიგორი კარასინი.

ვირუსის ბლოკატორები