აბაშიძე-“რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ გვაქვს”

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის თქმით, “თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის კვალს ვერ მივაკვლიეთ”-ამის შესახებ აბაშიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან არც ერთ სახელმწიფო უწყებას კავშირი არ აქვს.

 

მისივე თქმით, პრაღაში შეხვედრაზე, გრიგორი კარასინმა უთხრა, რომ თბილისში იგეგმებოდა რუსული ენის კურსების გახსნა “კომერციულ საწყისებზე”, თუმცა, აბაშიძის მტკიცებით, გადამოწმების შემდეგ, ვერც ამის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს.

“გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და მთელი პასუხისმგებლობით ვადასტურებ – არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. ეს საკითხი სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც ის გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ ანუ ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ” – ამბობს აბაშიძე და რუსული კულტურის წინააღმდეგ პროტესტს “ნაცმოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფომანსს” უწოდებს.

“ერთადერთი, პრაღაში ჩემმა კოლეგამ მითხრა, რომ თბილისში, დეკემბრის თვეში, იგეგმება რუსული ენის კურსების გახსნა კომერციულ საწყისებზე. მე ვუთხარი, რომ ინფორმაცია არ მაქვს, დავბრუნდები თბილისში და დავინტერესებდი, თუ რაზეა საუბარი. თბილისში დაბრუნების შემდეგ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ” – ამბობს აბაშიძე.

კითხვაზე, რა იყო რუსულ მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი, პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პასუხობს – “ვერ გეტყვით, ამასაც გავიგებთ, ამასაც გავარკვევთ”.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი- ვითხოვთ დამოუკიდებელ სასამართლოს
შემდეგი სტატიაპოლიცია ე.წ. მასაჟის სალონებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს