აბაშიძე: რუსეთის ხელმძღვანელობა, მისი პოლიტიკური ელიტა როგორც ჩანს თვლის, რომ ახლა კარგი მომენტია, რომ ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგებს მიაღწიონ

რუსეთი, მისი პოლიტიკური ელიტა და ხელმძღვანელობა როგორც ჩანს თვლის, რომ ახლა კარგი მომენტია მათთვის, რომ ამ მიმართულებით რუსეთმა გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს, რაც მათ ჩამოწერეს 8 – პუნქტიან მოთხოვნებში, – ასე ეხმიანება პრემიერ- მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულ ხისტ განცხადებებს, რომლითაც ნატო-სგან მოითხოვენ იურიდიულ გარანტიებს, რომ ნატო რუსეთის საზღვრებისკენ არ გაფართოვდება.

“პირველად არ გვესმის რუსეთის მხრიდან, რომ წინააღმდეგია ნატო-ს გაფართოების, ეს მე ხშირად მსმენია ჩვენს ფორმატებზე ჩემი რუსი კოლეგისგან, წლების განმავლობაში საჯაროდ კეთდება ასეთი განცხადება. ახლა ამის გააქტიურება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია რუსეთის როგორც საგარეო პოლიტიკურ ასევე შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგთან, ამ ორი მომენტის ერთობლიობა იძლევა იმ შედეგს, რასაც ვხედავთ. რუსეთი, მისი პოლიტიკური ელიტა და ხელმძღვანელობა როგორც ჩანს თვლიან, რომ ახლა კარგი მომენტია მათთვის, რომ ამ მიმართულებით რუსეთმა გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს, იმ შედეგებს, რაც მათ ჩამოწერეს 8 – პუნქტიან მოთხოვნებში, ზოგმა ულტიმატუმი დაარქვა ამას, თქვენ როგორც გინდათ ის დაარქვით, ეს ყველაფერი გაწერილია მათ მოთხოვნებში, როგორც ჩანს რუსეთი თვლის, რომ ახლა სწორედ ის მომენტია, რომ ამ მიმართულებით უნდა გადადგან ნაბიჯები,”- განაცხადა აბაშიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით დავით ზალკალიანის განცხადებას და აღნიშნა, რომ მასში არანაირი ორაზროვნება არ ყოფილა.

“ეს თემა ჩვენ შეხვედრაზეც გაჟღერდა, 21 ნოემბერს გვქონდა ჩვენ ონლაინ შეხვედრა და ჩემს პრესრელიზშიც ითქვა ამაზე, რომ ჩემმა რუსმა კოლეგამ საქმის კურსში ჩამაყენა, რომ მოსკოვში იგეგმებოდა 10 დეკემბერს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მოადგილეების დონეზე და რომ იქ ელიან საქართველოს წარმომადგენლებსაც, ჩემი პასუხი იყო, რომ ამ ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ ვგეგმავთ, ეს იყო და ეს, სხვა საუბარი არ ყოფილა,”- განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბიზნეს ქეისების კონკურსის 3 გამარჯვებული ცნობილია
შემდეგი სტატიადარსალია – საქართველოს ევროინტეგრაცია საზოგადოების არჩევანია