აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას აქვეყნებს

news
ავტ.: news ივნისი 28, 2016 12:43

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას აქვეყნებს

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო ხაზთან უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, შეხვედრის დასაწყისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსული მხარის ყურადღება გაამახვილა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე. მან აღნიშნა, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ხაზი გაუსვა დამნაშავის სწრაფად დაპატიმრების აუცილებლობას.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ზოგადად გაიზიარა ეს პოზიცია, თუმცა განაცხადა, რომ მკვლელობა კონკრეტული ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ჩადენილი დანაშაულია და რუსეთის მხარეს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ზურაბ აბაშიძემ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. ამავე კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

საუბარი გაიმართა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებზე, რაც გათვალისწინებულია პრაღის ფორმატის დღის წესრიგით. მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები, კერძოდ, რუსეთის ბაზარზე ქართული ექსპორტის, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2016 წლის 5 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის შეიმჩნევა სავაჭრო ბრუნვისა და საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდის დინამიკა.

ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართულმა მხარემ რამდენიმე თვის წინ დაასრულა მუშაობა 2011 წელს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში იხდიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით. აღინიშნა, რომ განვლილ პერიოდში საქართველოს 6 მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. 28 ივნისს, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე განთავისუფლდება და იგი სამშობლოში დაბრუნდება. პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით.

news
ავტ.: news ივნისი 28, 2016 12:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics