“აბაშიძე ბედავს და ისევ ქართველი მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობს… ვინ გვესაუბრება აბაშიძე თუ კარასინი”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველი ძალის პოლიტიკის შედეგად რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ანექსია მიმდინარეობს, ოკუპაციის პრობლემა კი საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო ნაკლებად განიხილება.
სამადაშვილის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ უმრავლესობა რუსეთის ქმედებებს გმობდეს, სხვადასხვა ხელისუფლების დროს განხორციელებულ პოლიტიკაზე საუბრობს.

ოპოზიციის წევრის თქმით, გარკვეულ საკითხებზე ეროვნული თანხმობა უნდა არსებობდეს.

ენმ-ს წევრი რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

“ბატონი აბაშიძე, რომელიც გვიცხადებს, რომ ის ვალდებული არ არის პარლამენტში მოვიდეს და წარმოადგინოს ანგარიში, იმიტომ რომ თურმე პარლამენტს არ დაუმტკიცებია ის ამ თანამდებობაზე. ბატონი აბაშიძე დღეს ბედავს და ისევ საუბრობს ქართველი ხალხის პასუხისმგებლობაზე და ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელ ხელისუფლებაზეა საუბარი. ერთი რამ ნათელია, ეს ადამიანი სრულიად შეუფერებელია იმისთვის, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები ამ ქვეყნის სახელით რუსეთთან. ეს ფორმატი მავნებლურია, რომელმაც ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი დააკნინა, რომელმაც გახადა შესაძლებელი ის რომ რუსეთმა გეგმაზომიერად განახორციელოს ყველა პოლიტიკური ჩანაფიქრი რაც ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით ამოძრავებს. დღეს თქვენ, სწორედ პატრიოტული მოტივაციიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთან ერთად უნდა ითხოვდეთ, რომ აბაშიძე ან გამოცხადდეს პარლამენტში, გასცეს ჩვენს შეკითხვებს პასუხი ან გაუქმდეს ეს ფორმატი, რათა ჩვენი საკითხი საერთაშორისო ფორმატებში დასრულდეს. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთთან ჩვენი ინტერესების დაცვა მოვახერხოთ.

ბატონი აბაშიძე სულ უფრო ხშირად საუბრობს როგორც რუსეთის წარმომადგენელ. მე მიჭირს გავიგო, როცა ის საუბრობს ვინ გვესაუბრება ჩვენ, ბატონი ზურაბ აბაშიძე თუ ბატონი კარასინი”- აღნიშნა სამადაშვილმა და კოლეგებს მიმართა.

მისი თქმით, კარგია როცა კონსტიტუციაში ჩანაწერები კეთდება ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით, თუმცა სამადაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის ქმედება აფიქრებინებს, რომ ქართული ოცნების მიზნები სულ სხვა არის.

“ძვირფასი კოლეგებო ძალიან კარგია, როცა კონსტიტუციაში აკეთებთ ჩანაწერებს ევროატლანტიკური მიმართულების თაობაზე, ძალიან კარგია როცა გვარწმუნებთ, რომ გაწუხებთ ქვეყნის მთლიანობის საკითხი და დემოკრატია ამ ქვეყანაში, მაგრამ ის რაც ჩვენ ამ დარბაზში მოვისმინეთ, ის ჩანაწერები რაც საქართველოს მომავალ კონსტიტუციაში კეთდება, ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ თქვენი პოლიტიკური მიზნები სრულიად განსხვავებულია. სამწუხაროდ სწორედ ამიტომ მოგვიწია საკონსტიტუციო კომისიის დატოვება”- აღნიშნა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენების ვიდეო გამოქვეყნდა
შემდეგი სტატია(foto) საკრებულო 12 000 ლარიან ფოტოაპარატს ყიდულობს