26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე გამოფენითა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

აბაშაში კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე აღინიშნა. 

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და აბაშის მერმა გიგა გაბელაიამ მწერლის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიება გაგრძელდა სოფელ ძველ აბაშაში, მწერლის სახლ-მუზეუმში, სადაც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული გამოფენა მოეწყო. ექსპოზიცია მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას მიეძღვნა.
ღონისძიებაზე სიტყვა წარმოთქვა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ:
_ კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1891 წელს სოფელ ძველ აბაშაში. მან განათლება მიიღო საქართველოში, შემდეგ კი ევროპაში — გერმანიაში სწავლობდა ფილოსოფიასა და ლიტერატურას. ევროპულმა კულტურამ, ფილოსოფიურმა მიმდინარეობებმა და კლასიკურმა ლიტერატურამ დიდი გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. სწორედ ამიტომ მისი შემოქმედება გამოირჩევა როგორც ეროვნული, ისე ევროპული ინტელექტუალური სივრცის სინთეზით. მწერლის ცხოვრების გზა რთული და წინააღმდეგობებით სავსე იყო. საბჭოთა ეპოქაში მას ხშირად უხდებოდა იდეოლოგიურ წნეხთან გამკლავება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან შეძლო საკუთარი მხატვრული სამყაროს შენარჩუნება. მისი ნაწარმოებები დღესაც აღიქმება როგორც სულიერი წინააღმდეგობის, ეროვნული ღირსებისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვის მაგალითი. კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება მრავალფეროვანია. იგი წერდა რომანებს, მოთხრობებს, ესეებსა და პუბლიცისტურ წერილებს. იგი ყველაზე დიდხანს იდგა მწერლის ტრიბუნასთან. ის იყო მწერალი, რომელმაც ქართულ სიტყვას ახალი სიღრმე, ფილოსოფიური დატვირთვა და მხატვრული მასშტაბი შესძინა. მის ნაწარმოებებში ერთიანდება ისტორია, ეროვნული სული, ადამიანური ყოფიერების ტრაგიზმი, თავისუფლების იდეა და კულტურული თვითშეგნება“.

მწერლის სახლ-მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მერმა გიგა გაბელაიამ.

“ვულოცავ სრულიად საქართველოს, აბაშელებსა და ქართული კულტურის თითოეულ გულშემატკივარს ,,კონსტანტინეობას”, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა თაობებმა არა მხოლოდ იცოდნენ დიდი მწერლის სახელი, არამედ დააფასონ ის ღირებულებები, რასაც მისი ცხოვრება და შემოქმედება ატარებდა – სამშობლოს სიყვარული, ღირსება, სულიერება და განათლების ძალა.

ასეთი დღეები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს საზოგადოებას და ახალგაზრდებში კულტურისა და ქართული სიტყვის სიყვარულს აღვივებს,” – აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
banner
წინა სტატიაში“ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მკაცრდება მიდგომები”-ინფრასტრუქტურის მინისტრი
შემდეგი სტატიარუსეთის ომის დანაშაულების წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის მხარდამჭერ 36 ქვეყნის სიაში საქართველო ჯერ-ჯერობით არ არის