ომანის სულთანმა, ჰაითამ ბინ ტარიკ ალ საიდიმ, მასკატში უმასპინძლა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, სამედიატორო ძალისხმევა და კონფლიქტების დასრულებისკენ მიმართული ნაბიჯები.
არაღჩიმ მოისმინა სულთნის ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და როგორ უნდა შემცირდეს კრიზისების გავლენა რეგიონის ხალხებზე. თავის მხრივ, ომანის ლიდერმა ხაზი გაუსვა საკითხების გადაჭრისას დიალოგისა და დიპლომატიის ენისთვის პრიორიტეტის მინიჭების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობის საფუძვლების განმტკიცებას.
ცნობისთვის, ომანი კონფლიქტში მედიატორის როლს ასრულებს და მასპინძლობდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს დაძაბულობის განსამუხტავად მანამ, სანამ აშშ და ისრაელი 28 თებერვალს ირანზე ერთობლივ იერიშებს მიიტანდნენ.
სულთან ჰაითამსა და არაღჩის შორის მოლაპარაკებები იმ ძალისხმევის ფონზე გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეჩერებული დიალოგის განახლებას რეგიონული ესკალაციის შემდეგ.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ორი კვირის წინ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართა, თუმცა ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
აღნიშნულ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 8 აპრილს პაკისტანის შუამავლობით მიღწეული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაახანგრძლივა.













