ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ეხმაურება. არაღჩის განცხადებით, შეთანხმება გლობალური ხასიათისაა და მისი დარღვევა რომელიმე კონკრეტულ რეგიონში, მთელ პროცესს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესი ყველა მოკავშირე ფრონტს, მათ შორის ლიბანსაც მოიცავს.
„ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ცალსახად ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ერთ ფრონტზე ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ყველა ფრონტზე“, — წერს აბას არაღჩი.
მინისტრმა იქვე დააკონკრეტა, თუ ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ესკალაციის განახლების შემთხვევაში და აღნიშნა, რომ „ნებისმიერი დარღვევის შედეგებზე პასუხისმგებელი არიან აშშ და ისრაელი“.















