აბანოებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებში ჩართვას დავით ნარმანია არ გამორიცხავს

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გოგირდის აბანოების ტარიფის თემა, კერძო კომპანია, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა” და თავად, აბანოების ხელმძღვანელების ურთიერთობას უნდა მოიცავდეს.

ნარმანიას თქმით, კერძო მესაკუთრეების დავა სჯობს მათ მოაგვარონ, თუმცა თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, მერია მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

“ძველი თბილისის აბანოებთან დაკავშირებული წყლის ტარიფის თემა ერთის მხრივ, კერძო კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” და მეორეს მხრივ, თვითონ აბანოების მესაკუთრეების ურთიერთობის თემაა. აქ პირველ რიგში, შესაძლოა, ჩაერთოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია და თუ საჭირო იქნება, რომ რამენაირად, ქალაქის მთავრობა ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში, ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავთ. თუმცა საკანონმდებლო ნორმებიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, ქალაქის ხელისუფლების როლი ამ თვალსაზრისით, მაინცდამაინც აქტიური არ არის”, – განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ფასების სუბსიდირება მოხდეს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ეს დაუშვებელია.

“სუბსიდირება დაუშვებელია. ასეთი რამ არ ხდება. ერთადერთი, ვისაც თბილისის მერია ეხმარება კომუნალური ტარიფების თანადაფინანსებით, არის სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები. საწარმოებთან დაკავშირებით, ეს არ ხდება”, – აღნიშნა ნარმანიამ.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდა, დავის მხარეებთან შეხვედრას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, ძველი თბილისის აბანოების მეპატრონეები წყლის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ და პრობლემის მოუგავრებლობის შემთხვევაში, აბანოების დახურვას არ გამორიცხავენ. აბანოებისთვის გადასახადის გაზრდის შემდეგ, დაწესებულების ხელმძღვანელებმა 17 მარტამდე ვითარების შეცვლა მოითხოვეს, რის შემდეგაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომ ის მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი გოგირდის აბანოების მფლობელებთან.

თბილისური აბანოების შავ-ბნელი ბიზნესი

banner
წინა სტატიაშისიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება – ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
შემდეგი სტატიაფარული თვალთვალის წინააღმდეგ აქციაზე ათასზე მეტი ადამიანი აპირებს მისვლას