„აბა, ომი გინდათ?!“ – ჩაფლავებული პუტინური დემაგოგია

ახალი წლისა არ იყოს, ევროპის მხარდასაჭერი მიტინგიც ორი, უფრო სწორად, სამი გვაქვს ქართველებს, ანუ დღეს 16 ივნისს, რიყეზე, ევროპის მოედანზე მსურველები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებით შეიკრიბებიან, ზეგ, ესე იგი, შაბათს, 18 ივნისს ევროპისკენ სწრაფვას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იაგო ხვიჩიას „გირჩის“ მოწოდებით გამოხატავენ.

აი, ორშაბათს, 20-ში კი ხალხი ქუჩაში „სირცხვილიას“ ინიციატივით გამოვა. ისე, კარგი იქნებოდა, ერს ერთიანობა ამ საკითხში მაინც გამოეჩინა და ევროპისკენ სწრაფვა ერთობით გამოეხატა, მაგრამ ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომელიც ერთმანეთს ისეთ უმნიშვნელო რამეზეც კი სჭამს, როგორიცაა მაგალითად, ფრაზა – „ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ერთმანეთს ტალახს „აღდგა“ თუ „აღსდგას“ გამოც ვესვრით და დიდი ამბავი, თუ ევროპის სიყვარულშიც ერთმანეთს ცალ-ცალკე შევეჯიბრებით, თუმცა რომელ ევროპის სიყვარულზე ვსაუბრობთ, როცა ამ ქვეყანაში თითო-ოროლას მაინც სჯერა, რომ ევროპა ქართველობას „გვართმევს“.

დავუშვათ, ასეა, მაგრამ ქართველობა, რა, ხინკალია, რომ წაგვართვან?

ძმებო და დებო, ქართველობას ევროპა კი არა, თვით ოკუპანტი რუსეთიც ვერ წაგვართმევს. ამასთან, დროაც, იმასაც ჩავწვდეთ, რომ დასავლეთი არც ქრისტიანბას ებრძვის, ანუ რასაც ახლა ვიტყვით, ფალავანდიშვილებს და მათთან გათანაბრებულებს არ მოეწონებათ, მაგრამ ქრისტიანობა ქართველების ეროვნული რელიგია არ არის. უფრო მეტიც, ქრისტე სამშობლოზე კი არა, კაცთმოყვარეობაზე, შემწყნარებლობაზე ქადაგებდა და მისითვის ნებიმიერი ადამიანი, რასის, კანის ფერისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, მისაღები იყო. ამიტომაც, იმის თქმა, აი, დასავლეთი ქართველობსა და სარწმუნოებას გვართმევსო, ჩვეულებრივი რუსული დემაგოგიაა და მეტი არაფერი!

ზოგადად, დემოაგოგია და პროპაგანდა ხალხზე უკეთესად მუშაობს, ვიდრე – სიმართლე. აი, მაგალითად, დამდგარა ეს „ქოცისტანი“ და ევროკაშირის წევრობის კანდიდატობის წინ აუჩემებია, აბა, ომი გინდათო?

რა შუაშია ომი ევროკავშირის წევრობასთან? – ეს რომ ვინმე ჰკითხოს კობახიძეს ან რომელიმე ბობოლა „ქოცს“, რასაკვირველია, პირს დააღებს და რაღაცებს მიედ-მოედება, რადგან ევროპელობა „აბა, ომი გინდათ“-ს არ ნიშნავს.

პირიქით, ევროპა მშვიდობის, ადამიანური ცხოვრების მყარი გარანტიაა!
ევროპა იმის გარანტიაც არის, რომ „ქართულ-ჯიგრულად“ ჯიბეს ვერავინ გაისქელებს და თუ მე, თქვენ, ან ნებისმიერ რიგით ადამიანს ვინმე დაჩაგვრას დაუპირებს, ეს მოძალადე საკადრისად დაისჯება.

იცით, კიდევ რა არის ევროპა? – რა და, ადამიანი შიმშილით არ მოკვდება და სამსახურს აუცილებლდ ნახავს.

გარდა ამისა, ევროპაში ნიჭიერები არ იჩაგრებიან და მათ გავლენიანი „ბიძია“ არ სჭირდებათ, რომ თავიანთი სიტყვა თქვან!

დიახ, ევროპაში უპირველესი ადამიანია!

ჩვენთან, ანუ პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელიც ვითომ დემოკრატიის ევროპულ გზას ადგას, ყველაფერი ზუსტად ისევ ისეა, როგორც სსრკ-ში იყო, ანუ „ნაციონალების“ დროსაც, აქა-იქ, პროტექცია მუშაობდა, მაგრამ ახლა ამ პროტექციამ და „ქართულ-ჯიგრულმა“ ჩაწყობებმა რომ კოლოსალური სახე მიიღეს, ამაზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს.

ამ ფონზე, თავისთავად გასაგებია, რომ „მამიკოს შვილებს“ და კორუფციონერ „საქმოსნებს“ ევროპა კი არა, „ერთმორწმუნე“ რუსეთი უნდათ, მაგრამ საბედნიეროდ, კოლექტიური ფალავანდიშვილები საქართველოში ცოტანი არიან.

ასე რომ, რუსული დემაგოგია, აბა, ომი გინდათ, აღარ მუშაობს და რაც მთავარია, აღარ მუშაობს ახალგაზრდებში!

ისე, ამხანაგო პუტინისტებო, ომი კი არა, კარგი ცხოვრება გვინდა. ეს კარგი ცხოვრება კი, თქვენი გულის გასახეთქად, დასავლეთშია!

ჰოდა, წინ (შინ) ევროპოსკენ!

ირაკლი ბიძინაშვილი

banner
წინა სტატიაში20 ივნისიდან, ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს