A ხაზოვანი წარწერები – თიხის ფირფიტები, რომლებიც ევროპულ ცივილიზაციის საწყისებს საქართველოს უკავშირებს

2–5 მაისს გერმანიაში, ბერლინში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. საქართველოს სახელითა და სამეცნიერო – საგანმანათლებლო საზოგადოება „პრომეთეოსის“ ფინანსური მხარდაჭერით, კონფერენციაში მონაწილეობა A კლასის ხაზოვანი წარწერების დეშიფრატორმა, ქართველმა მეცნიერმა გია კვაშილავამ მიიღო. თუ რა თემა წარადგინა კონფერენციაზე და რა მეცნიერული მნიშვნელობა აქვს მსგავსს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კონფერენციის დასრულების შემდეგ თავად მეცნიერი გვესაუბრა.

–         ბატონო გია, სანამ უშუალოდ კონფერენციის დღის წესრიგზე და მის მნიშვნელობაზე გვიამბობთ, გვითხარით, რა სამეცნიერო მოხსენებით იყავით გერმანიაში ჩასული?
–         ბერლინის საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტს წარვუდგინე ჩემი სამეცნიერო შრომებიდან მოკლედ ჩამოყალიბებული შედეგები. მოხსენების თემა იყო „A კლასის ხაზოვანი წარწერების საერთო-ქართველურ ენაზე ამოკითხვის შესახებ“, რომელიც უკავშირდება უძველესი ქართული დამწერლობის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას.

–         ბატონო გია, მოდით, მკითხველს განვუმარტოთ, რას ნიშნავს A კლასის ხაზოვანი წარწერები?
–         A კლასის ხაზოვანი წარწერების აღმოჩენისა და შესწავლის ისტორია ძალიან საინტერესოა. ეს ისტორია იწყება ცნობილი ინგლისელი არქეოლოგის, სამეფო აკადემიის წევრის, სერ არტურ ევანსის აღმოჩენიდან. მას იდეაფიქსი ჰქონდა, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში აღმოეჩინა ის ბრწყინვალე ცივილიზაცია, რომელიც არ იქნებოდა ბერძნული და არც რომაული, არამედ იქნებოდა უფრო ადრინდელი კულტურის მქონე.
1899 წელს კუნძულ კრეტაზე, სოფელი კნოსოსის ბორცვზე ევანსმა შეიძინა მიწა, რომელზეც არქეოლოგიური გათხრების წარმოების უფლება მოიპოვა. ეს ადგილი მან ჰომეროსის ცნობილი ბერძნული ეპოსებიდან („ილიადა“ და „ოდისეა“) შეარჩია. ევანსამდე ბევრს ჰქონდა ჰომეროსის პოემები შესწავლილი, მაგრამ მასში მოთხრობილი ამბები კნოსოსის შესახებ მოგონილი ეგონათ. ევანსს სწამდა, რომ კნოსოსში მიაკვლევდა მაღალგანვითარებულ კულტურას და ასეც მოხდა. მან თავდაუზოგავი ძალისხმევით აღმოაჩინა ევროპის უძველესი კულტურა, რომელიც თავისი დახვეწილობითა და ჰარმონიული შეხამებით თანადროული კულტურებისგან მეტად გამოირჩეოდა. ევანსმა ამ კულტურას პირობითად უწოდა მინოსური კულტურა კუნძული კრეტის ძლევამოსილი მეფე მინოსის ხსოვნის პატივსაცემად. ბერძნული მითების მიხედვით ცნობილია, რომ მეფე მინოს ცოლად ჰყავდა ძველი კოლხეთის მეფის, აიეტის და, დედოფალი პასიფაე.
გაგიკვირდებათ და 1900 წლის გაზაფხულზე, პირველივე სამუშაო დღეს კუნძულ კრეტაზე, სოფელ კნოსოსში გათხრების დაწყებისთანავე ევანსმა აღმოაჩინა სამეფო ტახტი, რომელიც ევროპის უძველესი ქვის ტახტი იყო და, მისი აზრით, ის მეფე მინოსს ეკუთვნოდა. მითიდან ცნობილია, რომ მინოსი სამართლიანი მსაჯული იყო. ამიტომ მინოსის ტახტის ხის ასლი, როგორც სამართლიანობის სიმბოლო, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარისთვის დამზადდა და ის დღესაც ამ დაწესებულებაში ინახება. ევანსის არქეოლოგთა ჯგუფმა  კნოსოსის გათხრებისას აღმოაჩინა მინოსური ხანის ქვის დიდებული სასახლის ნაშთები, რომელიც 20 ათას კვადრატულ მეტრზე  გადაჭიმული იყო. ეს ნაგებობა, სავარაუდოდ, ხუთსართულიანი იყო და ძველი წელთაღრიცხვით 2200–1750 წელს აშენდა. საოცარია კნოსოსის მინოსური სასახლის ურბანული დაგეგმარება, წყლის გაყვანილობის ქსელი და სველი წერტილების მოწყობის სისტემა.
კნოსოსის სასახლის გათხრებისას ევანსმა მიაკვლია ხაზოვანი დამწერლობებით შესრულებული თიხის ფირფიტების არქივს.

ეს წერილობითი ძეგლები და მასზე არსებული წარწერები შემთხვევის წყალობით გადარჩა. როდესაც ბერძნებმა დაიპყრეს კუნძული კრეტა, მათ კნოსოსის სასახლე გადაწვეს. ხანძრისგან თიხის ფირფიტები გამოიწვა და ნაწერები გადარჩა. ევანსი ყველაზე მეტად სწორედ ამ წარწერებით დაინტერესდა. მათი კლასიფიკაცია პირველმა მოახდინა. ადრეული ხანის წარწერებს უწოდა A კლასის ხაზოვანი წარწერები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძვ.წ. 1900-1450 წლებშია დაწერილი, ხოლო გვიანდელი ხანის წარწერებს უწოდა B კლასისა, რომელიც ძვ.წ. 1450-1200 წლებშია შექმნილი. ევანსმა დაწყებული კვლევა წარწერებისა ბოლომდე ვერ მიიყვანა და იგი 1941 წელს გარდაიცვალა. მერე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ამ წარწერების შესწავლისთვის აღარავის ეცალა.
1952 წელს ინგლისელმა არქიტექტორმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, მეცნიერმა მაიკლ ვეტრისმა ამოიკითხა B კლასის ხაზოვანი წარწერები, რომლებიც ჰომეროსის პოემებზე შვიდი საუკუნის წინანდელი უძველესი ბერძნული ენით შესრულებული აღმოჩნდა. შემდგომმა სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ B კლასის ხაზოვანი წერითი ნიშნები A კლასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნებისაგან ჩამოყალიბდნენ. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში A კლასის ხაზოვანი დამწერლობის ამოკითხვის ყველა ცდა უშედეგოდ დამთავრდა. მოკლედ, მეცნიერთათვის A კლასის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვა ძალიან რთული აღმოჩნდა.

–         რატომ იყო რთული A კლასის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვა?
–         B კლასის ხაზოვანი ნიშნების ფონეტიკური (ბგერითი) მნიშვნელობების მიხედვით, ევროპის, ამერიკისა და რუსეთის ავტორიტეტული მეცნიერები საუკუნეზე მეტია A კლასის ხაზოვანი წარწერებს შიფრავდნენ, მაგრამ ვერ იგებდნენ რა ენაზე იყო დაწერილი. თუმცა უმრავლესობა მეცნიერებისა თანხმდებოდა, რომ ამ წარწერების ენა არ იყო ბერძნული და, უფრო მეტიც, არც ინდოევროპული და არც სემიტური. მათ მიაჩნდათ, რომ A კლასის ხაზოვანი წარწერების შემქმნელმა ხალხმა ადრებრინჯაოს ხანაში ხმელთაშუაზღვისპირეთში დააფუძნა პირველი ევროპული კულტურა და ცივილიზაცია. ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალისტი, ფრიც შახერმაირი ფიქრობდა, რომ A კლასის ხაზოვანი წარწერების ენა არის სამხრეთ-კავკასიური (პროტო-ქართველური).

–         გერმანელი მეცნიერი გახლდათ?
–         დიახ, გერმანელი იყო. იგი დაიბადა 1895 წელს ავსტრიაში. ეს ის პერიოდია, როდესაც ქართველოლოგია როგორც საენათმეცნიერო დისციპლინა არა საქართველოში, არამედ გერმანიაში ყალიბდება. 1897 წელს ვენის აკადემიის წევრმა, გერმანელმა ენათმეცნიერმა ჰუგო შუხარდტმა ლინგვისტიკაში შემოიტანა ტერმინი „ქართველური (სამხრეთ-კავკასიური) ენები“. უფრო ადრე ქართველურ ენებს იკვლევდნენ ბალტიის რეგიონში დაბადებული გერმანელი ბუნებისმეტყველი იოჰან გიულდენშტედი, გერმანელი ენათმეცნიერები იულიუს ფონ კლაპროთი, ფრანც ბოპი და სხვები. ქართველური ენების მეცნიერული შესწავლის პროცესში მოგვიანებით ჩაერთვნენ ქართველოლოგიის პიონერები: გეორგ როზენი, მარი ბროსე, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო მარი, გერჰარდ დეეტერსი და სხვები. ქართველოლოგიაში მოღვაწეობენ გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნის მეცნიერები. თუმცა დღეს უცხოეთში ისინი თითზე ჩამოსათვლელები არიან.
აქ განსაკუთრებით მინდა გავიხსენო საქართველოში მოღვაწე მეცნიერი, კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი აკაკი ურუშაძე, რომელიც ბერძნულ-ქართული კულტურულ-ლიტერატურული და ენობრივი ურთიერთობის საკითხებს იკვლევდა. 1964 წელს მან გამოაქვეყნა ანგარიშგასაწევი წიგნი „ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში“, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ A კლასის ხაზოვანი წარწერების მომავალ კვლევა-ძიებაში პელასგურისა და მცირე აზიის ძველი ენების ცოცხალი გადმონაშთის – სამხრეთ-კავკასიური (ქართველური) ენების ჩართვამ შეიძლება საქმე წარმატებით დააგვირგვინოს. იგი მახვილი ინტუიციით აღჭურვილი მეცნიერი იყო.
ცნობილია, რომ უძველესი ცივილიზაციების წარწერები სხვადასხვა პროფესიის 15 ადამიანმა გაშიფრა. ამ მეცნიერთა უმრავლესობა არ იყვნენ ენათმეცნიერები. ისინი იყვნენ მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, არქიტექტორები, დიპლომატები, ოფიცრები და სხვა სპეციალობის მეცნიერები.

–         რა ძირითადი შედეგებია A კლასის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვისას მიღებული?
–         ჩემ მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო შრომებში მიღებულია შემდეგი ძირითადი შედეგები: ქართველურ ენათა შედარებითი და შინაგანი რეკონსტრუქციის მასალის მიხედვით, ძვ.წ. XX-XIV საუკუნეების წერილობითი ძეგლები – A კლასის ხაზოვანი წარწერები იკითხება პროტო-ქართველურ ენაზე. ამ წარწერათა უმრავლესობა სამეურნეო-ადმინისტრაციული ტიპის ტექსტებია, რომლებშიც დასახელებულია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები (ხორბალი, „დიაი“ – ქერი, „დიარი“ – პური, ფქვილი, „ყიყინა“ – ლეღვი, სელი, ღვინო, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, სანელებლები და სხვა), რელიგიური, საკულტო ან საოჯახო საქმისთვის განკუთვნილი ჭურჭელი („კატი“, „კადი“, „კაპაი“, „ასამუნე“ და სხვა); აქ ასევე აღრიცხულია: წვრილფეხა საქონელი (ცხვარი, თხა, ღორი), მსხვილფეხა რქოსანი საქონელი (ხარი, ძროხა), პატარა ტანის ჩლიქგაუყოფელი ცხოველი (ცხენი) და სხვა. A კლასის ხაზოვან  წარწერებში დასტურდება: არითმეტიკული ოპერაციების აღმნიშვნელი ტერმინები („კურო“ – შეკრება, „კირო“ – გამოკლება), მთელი რიცხვები, წილადი რიცხვები. წარწერებში დადგენილია პელასგურ-კოლხური ქალღვთაების აღმნიშვნელი სახელი („ათაინაი“), კერძო პირთა სახელები („კიტუნე“, „ტიტიკუ“, „ნადარე“, „იკუტა“ და სხვა), ტოპონიმები („აია“, „კუტაი“, „ფაითო“, „ლასითი“, „იდა“, „დიკიტე“ და სხვა), ეთნონიმები („მაკარიტე“, „კუკუდარა“) და სხვა.

–         ზემოთ ახსენეთ, მაგალითად, „კურო“ და „კირო“. მარტივ ენაზე გაგვიშიფრეთ, ეს სიტყვები რას  ნიშნავს?
–         დიახ, A კლასის ხაზოვან წარწერებში ხშირად გვხვდება სიტყვა „კურო“. ეს სიტყვა თანამედროვე ქართულ ენაზე გასაგები რომ იყოს, ამისთვის გავიხსენოთ ქართული სიტყვა „შე-კურ-ა“ ანუ შეკვრა, რომელიც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანსა“ და ზურაბ შანშოვანის „მოკლე ღრამმატიკა ქართულისა ენისაში“ დასტურდება. თუ ამ სიტყვას ჩამოვაშორებთ „შე-“ და „-ა“ სუფიქსებს, მაშინ მიიღება „კურ-“ ძირი, რაც A კლასის ხაზოვან წარწერებში წარმოდგენილი „კურ-ო“ სიტყვის ძირს შეესაბამება. ცალკეულ ქართველურ ენათა (ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური) შედარებითი მეთოდით შესწავლისას გამოვლინდა ამ ენათა შორის არსებული ბგერითი ერთეულების კანონზომიერი შესატყვისობები. ამ შესატყვისობების საფუძველზე ჩემ სამეცნიერო შრომაში აღდგენილია ოთხი ათასი წლის წინანდელი საერთო-ქართველური ფუძე-ენის სიტყვა „კურ-ო-“, რომლის მნიშვნელობაა შეკვრა, შეკრება. მოკლედ, ეს საკითხი წარვადგინე ბერლინის საერთაშორისო  კონფერენციაზე. პარალელურად ვაჩვენე ვიზუალურად გაფორმებული მასალაც.

–   ახლა გვიამბეთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ბერლინში, სადაც ეს საინტერესო სამეცნიერო თემა წარადგინეთ.
        „ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო კონფერენცია“, რომელიც ბერლინში გაიმართა, თურქი მეცნიერების მიერ ორგანიზებული იყო. კონფერენცია 22 სექციად დაყოფილი იყო. მასში მონაწილეობდა 110 მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (ევროპა, ამერიკა, თურქეთი, ეგვიპტე, არაბეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია, საქართველო და აზერბაიჯანი) იყვნენ.

–         როგორ მიმდინარეობდა კონფერენცია, რამდენი წუთი იყო გამოყოფილი მოხსენებებისა და კითხვებისთვის?
–         ყოველი სამეცნიერო მოხსენებისთვის გამოყოფილი იყო 15 წუთი და კითხვებისთვის – 5 წუთი. კონფერენციის პროგრამა და სამეცნიერო მოხსენებათა აბსტრაქტები კონფერენციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე  ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე განთავსდა. დაბეჭდილი კონფერენციის პროგრამა და სამეცნიერო მოხსენებათა აბსტრაქტები სექციაში დარიგდა. კონფერენციის პროგრამაში სამეცნიერო მოხსენებათა განრიგი გაწერილი იყო. თითოეულ სექციას ჰყავდა წინასწარ დანიშნული ხელმძღვანელი, რომელიც არეგულირებდა სექციის მუშაობას.

შერჩეული სამეცნიერო მოხსენებები კონფერენციის მასალებსა ან კრებულში დაიბეჭდება, რომელიც განთავსდება კონფერენციის ინტერნეტ-გვერდზე, სადაც დაინტერესებულ პირებს ვრცლად შეეძლებათ გაეცნონ.

P.S.  მეცნიერ გია კვაშილავას სამეცნიერო კვლევებითა და მოხსენებებით მტკიცდება, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთის, ეგეოსისზღვისპირეთისა და შავიზღვისპირეთის უძველესი ადგილობრივი მოსახლეობა არაინდოევროპული და არასემიტური წარმოშობის იყო; ეს იყო პროტო-ქართველური (სამხრეთ-კავკასიური) მოსახლეობა, სანამ ამ ადგილებში ინდოევროპული ტომების (მაგ., ბერძნების, ლათინელების) მიგრაცია დაიწყებოდა. ოთხი ათასი წინანდელი საერთო-ქართველური კულტურა იყო საძირკველი პროტო-ბერძნული ცივილიზაციისა, რომელმაც დასაბამი მისცა ევროპულ ცივილიზაციას.

სამეცნიერო-საგანმანათლებლო საზოგადოება „პრომეთეოსი“ პირველი კერძო ორგანიზაცია, რომელიც უძველესი ქართული კულტურისა და მასთან დაკავშირებულ სამეცნიერო თემების წინ წამოწევას ემსახურება და მხარში უდგას.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ხვალ მოუსმენს-„ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანია, რომელმაც აღიარა ხელისუფლებაში არსებული სირთულეები”
შემდეგი სტატია“მმართველი გუნდი დაინტერესდება, რატომ ლაპარაკობს ეს ადამიანი იმას, რაც არავის დაუვალებია”-მამუკა მდინარაძე