კორძაია – დღეიდან ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნების შემთხვევით გადათვლის და შერჩევით გადათვლის პროცესს გამოეთიშებიან

დღეიდან, ჩვენი წარმომადგენლები უბნების შემთხვევით გადათვლის და შერჩევით გადათვლას გამოეთიშებიან. ვთვლით, რომ არანაირი აზრი ამ პროცესში მონაწილეობას არ აქვს, რადგან არ ითვალისწინებენ არც ერთ მოსაზრებას, შენიშვნას, თუ საჩივარს და შესაბამისად, დღეიდან ამ პროცესში მონაწილეობას ოპოზიციის წარმომადგენლები არ მიიღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორძაია მოუწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ დაიწყონ გამოძიება ყველა იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არ აიტვირთა.

„დღეს დილიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტში აღნიშნავდნენ ძალადობით, შანტაჟით და გაყალბებით მოპოვებული გამარჯვების შედეგებს, თუმცა მინდა მათ შევახსენო, რომ ჯერ პროცესები არ დასრულებულა და პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე. საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის ატვირთული 300-მდე ვიდეო, მხოლოდ თბილისის მასშტაბით გამოქვეყნებული არ არის 106 უბნის ამსახველი ვიდეო კადრები. მნიშვნელოვანია, რომ უბანზე დამკვირვებლები და კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ მიმდინარეობდა ჩაწერა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 109 უბანზე ვიდეოები არ არის ჩაწერილი, ან ცუდი ხარისხით არის ჩაწერილი. კონტროლის ეს მექანიზმი ვერ და არ არის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან და საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ვარაუდი იმის, რომ ამ უბნებზე მდგომარეობა შეცვლილია და ხელისუფლება ამას იყენებს მანიპულაციისთვის. ამ ფონზე, როდესაც ამ მასშტაბის ვიდეოები არ არის ატვირთული მხოლოდ 20 უბნის გადათვლა, ისიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თუ კომისიების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, არ იძლევა არავითარ სურათს და არავითარი შედეგის მაჩვენებელი არ არის, გარდა იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფასადურ პროცედურულ დემოკრატიასთან. მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ არჩევნების შედეგების გადათვლა/გადამოწმება ხდება არასწორად და კანონის მოთხოვნების დარღვევით. გადათვლა ხდება რამდენიმე დღის შემდეგ, ხოლო ეს დოკუმენტაცია საოლქო კომისიებში ინახება და მასზე წვდომა აქვს საოლქო კომისიის წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იქნა დაყენებული მოთხოვნა, რომ საარჩევნო დოკუმენტაცია, რომელსაც საუბნო კომისიები წარუდგენენ საოლქო კომისიას შენახული იყოს კონკრეტულ ოთახში და მას მუდმივად ჰქონდეს დაკვირვება ვიდეო თვალის მეშვეობით, ეს მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან არ გაითვალისწინეს. ასევე, გადათვლის პროცესი მიმდინარეობს ტენდენციურად, ხარვეზიანად, არასრულყოფილად, რასაც ადასტურებს ის, რომ გადათვლისას ხდება მხოლოდ ბიულეტენების გადათვლა, არ ხსნიან სამაგიდო სიებს და ხელმოწერებს, რაც არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ნაწილია. ხელმოწერები და სამაგიდო სიები რჩება არჩევნების „აქილევსის ქუსლად“, რადგან მანიპულაცია სწორედ სიებით და ხელმოწერებით ხდება. მოვუწოდებთ კომისიებს, რომ საარჩევნო სიები, სამაგიდო სიები, გასაჯაროვდეს.

დღეიდან შემთხვევით გადათვლის და შერჩევით გადათვლას გამოეთიშებიან ჩვენი წარმომადგენლები, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ არანაირი აზრი ამ პროცესში მონაწილეობას არ აქვს, რადგან არ ითვალისწინებენ არც ერთ მოსაზრებას, შენიშვნას, თუ საჩივარს. დღეიდან ამ პროცესში მონაწილეობას ოპოზიციის წარმომადგენლები აღარ მიიღებენ.

ჩვენ ვაგრძელებთ გასაჩივრებას და ჩვენს მიერ წარდგენილი საჩივრების, ყველა საკითხის განხილვაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.

მინდა მივმართო საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ დაიწყონ გამოძიება ყველა იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც არ აიტვირთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე. ასევე, კვლავ დღეს მივმართავთ საჩივრებით კომისიას ამ ვიდეო დაკვირვების შედეგბთან დაკავშირებით და მოვითხოვთ სრულფასოვან შესწავლას და პასუხების გაცემას“, – განაცხადა კორძაიამ.

წინა სტატიაშიეტყობა ძალიან დიდი ხნის შიმშილობა – ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
შემდეგი სტატიაპარლამენტი საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელ აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს