დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას პასუხობს

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას პასუხობს. უსუფაშვილი კიდევ ერთხელ აქვეყნებს მის მიერ გაკეთებულ კომენტარს , რომელშიც მოსამართლეებს აზრის გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდებს და მზადყოფნას გამოთქვამს, თუ ეს განცხადება რომელიმე მოქალაქემ მოსამართლეებზე ზეწოლის გამართლებად აღიქვა, “გასაგები ენით” აუხსნას, რომ საუბარია გამოხატვის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემის და მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩაურევლობის ფუნდამენტური პრინციპების დაბალანსებულ დაცვაზე.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გამოაქვეყნა თავისი ვარაუდი იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება “შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება.” მიუხედავად ამ ვარაუდის აბსოლუტური უსაფუძვლობისა და აბსურდულობისა, საგანგაშოა თავისთავად ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რაღაც მიზეზთა გამო, ამგვარი მოსაზრებები, შთაბეჭდილებები და ვარაუდები ექმნებათ. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიმაჩნია ამ თემაზე საჯარო დებატებში შესვლა. ამასთანავე, იმავე მიზეზის გამო, საჭიროდ ვთვლი, უცვლელად შემოგთავაზოთ ჩემი კომენტარი:
“მე მინდა, რომ ყველას, მათ შორის, მოსამართლეებს, ვთხოვო, რომ პატივი ვცეთ ადამიანების უფლებას, საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე და თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ; მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი ვცეთ სასამართლოების დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ვარაუდი გამართლდა და ამ განცხადებას რომელიმე მოქალაქე აღიქვამს, როგორც მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის გამართლებად და წახალისებად, ვთხოვ, დამიკავშირდეს და რაიმე უფრო გასაგები ენით ავუხსნი, რომ აქ საუბარია გამოხატვის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემის და მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩაურევლობის ფუნდამენტური პრინციპების დაბალანსებულ დაცვაზე”, – ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.
დავით უსუფაშვილის მოწოდებას, მოსამართლეებმა პატივი სცენ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ განცხადებით უპასუხა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას, ხოლო მოსამართლის მიმართ მუქარა ასევე წარმოადგენს სიხლის სამართლის დანაშაულს.
“როგორც მოგეხსენებათ, “გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სხვა მოსამართლეების სახლებთან რამდენიმე ჯგუფის მიერ განხორციელდა არაერთი აქცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ატარებდა აგრესიულ ხასიათს, რომელზეც ისმოდა მოსამართლეთა მიმართ შეურაცხყოფის, მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები. ქალაქ ბათუმში ასევე ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლის შესასვლელის ბლოკირებასა და ფანჯრების მიმართულებით სხვადასხვა ნივთების სროლას. ხშირ შემთხვევაში აქციების ორგანიზატორებისთვის ცნობილი იყო, რომ საცხოვრებელ სახლებთან ორგანიზებული აქციის დროს თავად მოსამართლეები იქ არ იმყოფებოდნენ და, ამდენად, მუქარისა და ანგარიშსწორების ადრესატები ხდებოდნენ მოსამართლეთა ოჯახის წევრები. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს. ასეთ ვითარებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც მოსამართლეებს მოუწოდებს პატივი სცენ ადამიანების უფლებას, გამოხატონ საკუთარი პროტესტი, შესაძლოა აღქმული იქნეს მოსამართლეებსა და მათ ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება. უდავო ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება. ყველასთვის გარანტირებულია კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე თითოეული მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც შესაძლოა იყოს შემაწუხებელი და უსიამოვნო. ამავე დროს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოსამართლის სახლთან შეკრებილი პირების მხრიდან მუქარის, ძალადობისკენ მოწოდებისა და სახლის ფანჯრებში სხვადასხვა საგნების სროლის გამოხატვის თავისუფლებად შეფასება გარკვეულ კითხვებს აჩენს”, – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს, ზემოაღნიშნულ ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოახდინონ, პოლიტიკური თანამდებობის პირებს კი მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელთაც შესაძლოა წაახალისონ ძალადობა, ხელი შეუშალონ სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურატურა გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაიან კელი: აშშ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას 100 %-ით უჭერს მხარს