95 ეკომიგრანტ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ

95 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები საკუთრებაში გადაეცათ – შესაბამისი განკარგულების პროექტი, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, 3 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
ეკომიგრანტებისთვის გადაცემული ქონება საქართველოს რამდენიმე რაიონშია განლაგებული, კერძოდ: წალკის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ლაგოდეხის, სიღნაღის, გურჯაანის, ახმეტისა და ხონის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქ წალკაში, ქალაქ დუშეთში, ქალაქ ხონში, ქალაქ მარნეულსა და ქალაქ თეთრიწყაროში. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თითოეულ ოჯახს გადაეცა საშუალოდ 2600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და დაახლოებით 40-50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა.
„ეს ადამიანები იქ საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობენ და მათი პრობლემები იყო მოუგვარებელი. ჩვენ მოგვეცა ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა და, შესაბამისად, ეს ქონებები მათ გადაეცათ საკუთრებაში“ – აღნიშნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ეკომიგრანტებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის განკარგულების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე მოამზადა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი : ,,ყველა კვალიფიციური კადრი თავის ადგილას დარჩება”
შემდეგი სტატიაიზორია წითელაშვილზე – საქმე არ ეხებოდა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას