“9 სექტემბრიდან ვიწყებ ვიზიტს ნატო-ს წევრ 6 ქვეყანაში”

კონფერენციის დასკვნით დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თემატურ შეხვედრაზე თინა ხიდაშელმა ქართველ დიპლომატებთან ვარშავის სამიტის მოსამზადებელი პროცესი განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს.

„მე ყველა ელჩს მოვახსენე იმ ვიზიტების შესახებ, რომელიც უკვე განხორციელდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი. ჩემი ამოცანა იყო, მიმეღო რჩევები და რეკომენდაციები იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან განწყობები, პერსპექტივები და დამოკიდებულებები, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს მათი სამუშაო ქვეყნების დედაქალაქებში. 9 სექტემბრიდან ვიწყებ ვიზიტს ნატო-ს წევრ 6 ქვეყანაში. ასევე დავგეგმეთ ოქტომბერ-ნოემბრის სავარაუდო ვიზიტები იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ელჩები ჩემს მონაწილეობას საჭიროდ მიიჩნევენ. მსგავსი ვიზიტები საქართველოს საკუთარი არგუმენტების გაძლიერებაში დაეხმარება. მსოფლიოს უსაფრთხოების არენაზე მოთამაშე ნატო-ს წევრ და არაწევრ პარტნიორ ქვეყნებში ჩემი გამგზავრების მთავარი მიზანი საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაა. თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატიდან საქართველომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მიიღოს. სამომავლო ვიზიტების მეორე მთავარი მიზანი ჯერ მინისტერიალისთვის, ხოლო, შემდეგ უკვე სამიტისთვის ჩვენი არგუმენტების გაძლიერება, გამყარება და მობილიზებაა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – ამბასადორიალი 2 სექტემბერს გაიხსნა და დღეს საღამოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა ბებიამ საკუთარი შვილიშვილი შვა…
შემდეგი სტატიაბაღების, სკოლებისა და სასწავლებლების მიმდებარედ საგზაო მანიშნებლები და ბარიერები დამონტაჟდება