8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს – დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ

8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მათ გამოძიება საფეხბურთო მატჩების შედეგების ჩაწყობას და გაყიდვას ედავება, რის შედეგადაც სპორტსმენებმა 100 ათას ლარამდე თანხას დაეუფლა. გარიგებული მატჩების სკანდალში კი ლანჩხუთის „გურია“ და „ვიტ ჯორჯია“ არიან გახვეულები.

საუბარია 2 გაყიდულ თამაშზე, სადაც წინასწარი შეთანხმებით 2-ბურთიანი სხვაობა უნდა დაფიქსირებულიყო.

11-ვე დაკავებული ფეხბურთელი დუმილის უფლებას იყენებს.

„ვიტ ჯორჯიას“ დაკავებული ფეხბურთელის ადვოკატი, შოთა მანელიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში ბრალდების არსი, ცალსახად მიგვაჩნია, რომ არის დაუსაბუთებელი. აღნიშნულთან მიმართებაში ჯერ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სამართლებრივი პოზიცია გამოძიებაში არ დაუფიქსირებია და აუცილებლად, შემდგომ ეტაპზე დეტალურად მივუთითებ ყველა იმ გარემოების თაობაზე, რაც უშუალოდ ჩემს მარწმუნებელთან არის დაკავშირებული და ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი თემა. არ არსებობდა კონკრეტული გარემოებები, რომელიც მოემსახურებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას და საფუძველი გახდებოდა ამის,“ – განაცხადა შოთა მანელიძემ.

ბრალს არ აღიარებს ასევე “ვიტ ჯორჯიას” კიდევ ერთი დაკავებული. ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გამორიცხავს, რომ დანაშაულის პროვოკაცია მომხდარიყო. ეს კი ადვოკატის თქმით, იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ის დაიყოლიეს დანაშაულის ჩადენისთვის.

ადვოკატის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მიგზავნილ ადამიანს ორჯერ უთხრეს უარი თამაშის გაყიდვაზე ამ სპორტსმენებმა.

„რა ინფორმაციაც მაქვს ბრალდებულისგან, შესაძლებელია, ზუსტად არ ვიცით, ადგილი ჰქონდეს დანაშაულის პროვოკაციასაც. დანაშაულის პროვოკაცია ნიშნავს პირის დაყოლიებას დანაშაულის ჩადენისთვის, რათა შემდგომ ის მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. საქმე არის ძალიან მოცულობითი, არის ძალიან ბევრი აუდიო, ვიდეო ჩანაწერი და არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან გავაკეთო კონკრეტული, დაზუსტებული განცხადება მანამ, სანამ არ მექნება საქმის მასალები და არ გავეცნობი მათ,“ – განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

გამოძიების მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს არც ლანჩხუთის „გურიის“ დაკავებული ფეხბურთელი. ადვოკატი მაია ყანადაშვილი ამბობს, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ დეტალურად ისაუბრებს მომხდარზე.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ ის არის უდანაშაულო, გამოძიება ედავება თამაშზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით თანხის აღებას, საუბარია თუ არ ვცდები 5 ათას დოლარზე ან 4 ათასზე. ვერ განვიხილავ ჯერჯერობით ვერაფერს, როდესაც საქმის მასალებს მივიღებ, მერე შეიძლება უკვე ვისაუბრო დეტალურად,“ – განაცხადა მაია ყანადაშვილმა.

8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მატჩის შედეგებზე. მათ, ჯამში, მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„არსებობს ყველაზე კარგი კვლევა და ამ კვლევას ჰქვია არჩევნები”-მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს
შემდეგი სტატიადაპირისპირება სენაკის საკრებულოში – “ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მიერ ნაცემი ოპოზიციის წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს