77 წლის შემდეგ, ბოროტების ხელახალი დაბადება ვერ შევამჩნიეთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 8 მაისს, ევროპის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ 77 წლის შემდეგ, ბოროტების ხელახალი დაბადება ვერ შევამჩნიეთ – ისევ, აქ და ახლა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველა იმ ქვეყანას, რომელიც უკრაინას მხარს უჭერს, ახსოვს, თუ რისთვის იბრძოდნენ წინაპრები მეორე მსოფლიო ომში. ზელენსკის სიტყვებით, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებმა შეძლეს და საბოლოოდ ამოიცნეს რუსეთში ბოროტება.

“პოლონელებმა არ დაივიწყეს ის, თუ ვის მიწაზე გაისროლეს პირველად ნაცისტებმა. არ დაივიწყეს ის, თუ როგორ პროვოცირებს ოკუპანტი, აგრესორს გიწოდებს, ხოლო შემდეგ, დილის 04:45-ზე თავს გესხმის და ამბობს, რომ ეს თავდაცვაა. მათ [პოლონელებმა] დაინახეს, როგორ განმეორდა ისტორია ჩვენს მიწაზე. მათ ახსოვთ ნაცისტების დანგრეული ვარშავა და ხედავენ, თუ რა გაუკეთეს [რუსმა ოკუპანტებმა] მარიუპოლს.

ბრიტანელებმა არ დაივიწყეს ნაცისტების მიერ განადგურებული კოვენტრი, რომელიც 41-ჯერ დაიბომბა. მათ ახსოვთ, როგორ ჟღერდა “მთვარის სონატა” ლუფტვაფედან, როდესაც ქალაქი 11 საათის მანძილზე განუწყვეტლივ იბომბებოდა. მათ ახსოვთ განადგურებული ქარხნები, ისტორიული ცენტრები და ხედავენ – როგორ იბომბება ნიკოლაევი, კრემატორსკი, ჩერნიგოვი.

ჰოლანდიელებს ეს ახსოვთ. მათ ახსოვს როტერდამი, როგორც პირველი ქალაქი, რომელიც სრულად განადგურდა.

ფრანგებს ეს ახსოვთ. მათ ახსოვთ 500-ზე მეტი ცოცხლად დამწვარი ქალი და ბავშვი. მოსახლეობის მასობრივი ჩამოხრჩობა ტულეში, ათასობით ფრანგის წინააღმდეგობის აქცია ოკუპირებულ ლილეში. მათ ნახეს, რა ჩაიდინეს ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში. ისინი ხედავენ ხერსონს, მელიტოპოლს, ბერდიანსკის და სხვა ოკუპირებულ ქალაქებს, სადაც ხალხი არ ნებდება.

ეს ახსოვთ ამერიკელებს, რომლებიც ორ ფრონტზე ებრძოდნენ ბოროტებას. ამერიკელებს, რომლებმაც პერლ ჰარბორი და დიუნკერკი გამოიარეს. ჩვენ ახლა ერთად გავდივართ ახალ, არანაკლებ რთულ ბრძოლებს.

ეს ახსოვს ყველას, ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩა – როგორ შეიძლება ერთ ერს სძულდეს – მეორე.

ეს არ დავიწყებით ლიტველებს, ლატვიელებს, ესტონელებს, დანიელებს, ქართველებს, სომხებს, ბელგიელებს, ნორვეგიელებს და კიდევ ბევრ სხვას – ყველას, ვინც ნაციზმი საკუთარ მიწაზე იწვნია და დაამარცხა.

სამწუხაროდ არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ბრძოლას გადაურჩნენ, თუმცა საკუთარი მიწიდან უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაუშვეს. ქალაქების, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ნაცისტებისგან ერთმანეთის დახმარებით გაათავისუფლეს.

ისინი მთელ კაცობრიობას დაუპირისპირდნენ, მაგრამ, დაივიწყეს მთავარი რამ: ბოროტებას ერთადერთი ხვედრი აქვს – ის აუცილებლად სრულდება”. – ამბობს ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიუნდა გავაერთიანოთ მთელი ძალა, რათა არავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა – რუსეთის პატრიარქი
შემდეგი სტატიახერსონის ოლქი რუსული პასპორტების გაცემას დაიწყებს – რუსული მედია