„თურქეთი უკიდურესად მძიმე არჩევანის წინაშეა: ან შეეგუოს ქურთული ავტონომიის შექმნას საკუთარ საზღვრებთან, ან დაიწყოს სამხედრო ოპერაცია სირიაში“

პოლიტოლოგი ხათუნა

რუსეთსა და თურქეთს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებასა და არსებულ კონფლიქტში საქართველოს როლზე პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს. იგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით საუბარი დაიწყოს.

„მსოფლიოს ლიდერები უკვე ხმამაღლა საუბრობენ რუსეთ-თურქეთს შორის მოსალოდნელ სამხედრო დაპირისპირებაზე: თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ, ქურთული ავტონომიის შექმნა, რასაც რუსეთი აქტიურად უწყობს ხელს, ფაქტობრივად ნიშნავს თურქეთის სახელმწიფოს რღვევის მრავალწლიანი, სისხლისმღვრელი პროცესის დაწყებას. თურქეთი უკიდურესად მძიმე არჩევანის წინაშეა: ან შეეგუოს ქურთული ავტონომიის შექმნას საკუთარ საზღვრებთან, რითიც საფუძველს დაუდებს მრავალწლიან კონფლიქტს ქურთებთან საკუთარ ტერიტორიაზე, ან დაიწყოს სამხედრო ოპერაცია სირიაში, რაც რუსეთთან კონფრონტაციის ტოლფასია; ევროკავშირი, რომელიც ვერაფრით უმკლავდება მიგრანტთა უზარმაზარ ნაკადებს, დაჩქარებული წესით განიხილავს, კონფლიქტის თურქეთის ტერიტორიაზე შეღწევის შემთხვევაში, მიგრანტთა ახალი – თურქული – ტალღის გაჩენის შესაძლებლობას და ევროკავშირის მოსალოდნელ რეაქციას ამ უზარმაზარ გამოწვევაზე; აღარაფერს ვამბობთ, რუსეთსა და ნატოს წევრ – თურქეთს – შორის კონფლიქტის შემთხვევაში, ნატოს წინაშე მდგარ გამოწვევაზე; აზერბაიჯანი, რომელიც კარგად აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეებს, ცდილობს შუამავლის როლი ითამაშოს რუსეთსა და თურქეთს შორის და ა.შ.

ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ ყოველდღე საჯაროდ განიხილავს მმართველ კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირების დეტალებს. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა, ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა და შესაბამისად, აუცილებელია პროფესიონალთა აქტიური ჩართვა ამ პროცესში, თუნდაც კონსულტირების და მოსაზარებათა ურთიერთგაცვლის დონეზე“, – წერს ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშიხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში დაპატიჟა
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე: მამუკა ახვლედიანი არაეფექტური მენეჯერი იყო და მოხდა მისი თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება