76 წლის ქალის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული: მკვლელობა ადამიანის ორგანოების გამოყენების მიზნით არ მომხდარა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ ბრალდებულებს ჰკითხა, ცნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ. გარდაცვლილის დაკავებული ქალიშვილი აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, ხოლო მისი შეყვარებული ბექა შენგელია თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.

„თავს ნაწილობრივ ვცნობ უდანაშაულოდ. ვაკონკრეტებ, ცოცხალი ადამიანის ორგანოების გამოყენების მიზნით, მისი მკვლელობა არ მომხდარა. დანაწევრება მოხდა იმ მიზნით, რომ ცხედრის გადაადგილება პრაქტიკული ყოფილიყო და ამ მკვლელობას არც რიტუალური მიზანი ჰქონია. ეს არ ყოფილა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. ამიტომ ამ დამამძიმებელ გარემოებებს არ ვეთანხმები“, – აცხადებს ბრალდებული ბექა შენგელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი – ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა” იყო.

გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის – 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა – 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი – შეჭამა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ „გაზპრომთან“ დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს ამზადებს