თამარ სანიკიძემ შესაძლოა, პეტიციის – “განგაშის ზარების” ავტორებს სასამართლოში უჩივლოს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე არ გამორიცხავს, პეტიციის – “განგაშის ზარები” ავტორებს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს.

რაც შეეხება მის განცხადებას იმის შესახებ, რომ როდესაც პეტიცია წაიკითხა, შეშფოთდა და თავადაც აპირებდა ხელმოწერას, სანამ საქმის რეალურ ვითარებაში გაერკვეოდა, სანიკიძე აცხადებს, რომ “ეს იყო ხუმრობა”.

“ეს იყო ხუმრობა, მეგონა გაიგებდით, ისეთი ტექსტი ეწერა, რომ ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ალბათ, მეც მოვაწერდი ხელს-თქო. მაგრამ უნდა გავიხედოთ უფრო შორს – რა და ვინ დგას ამის უკან და რატომ აკეთებენ ამას. ის რაც წავიკითხე პეტიციაში, არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი – თავიდან ბოლომდე ტყუილი, ცილისწამება, ხოლო რა დგას ამ განზრახვის უკან, დაე, ვკითხოთ იმ ადამიანებს”, – განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ ტყუილის საფუძველზე მოაწერინეს ხელი ადამიანებს, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე მოაწერეს ხელი.

“მე ამ თემას აუცილებლად გავშლი და როგორც კი მე ამას დავასაბუთებ, რაც ძალიან მარტივია, ვინაიდან არსებობს საგნის სტანდარტი, რომლის წაკითხვა შეუძლია ყველას, ვინც წერა-კითხვა იცის, თუ საჭირო გახდა, სასამართლოსაც მივმართავ იმ ცილისწამებისთვის, რომელიც ჩვენ ვისმინეთ და რომელიც ასმენინეს სრულიად საზოგადოებას”, – განაცხადა სანიკიძემ.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მან სატელევიზიო ეთერში პეტიციაზე საუბრისას შეურაცხმყოფელი ტერმინები გამოიყენა, როგორიცაა მამათმავლობა და განმარტა, რომ ეს იყო “გამეორება იმისა, რაც პეტიციაში ეწერა”.

“ამიტომ თუ ბოდიშის მოხდა გინდათ იმისათვის, რომ ვიღაცამ ტერმინი ცუდად გამოიყენა, მიმართეთ იმ ადამიანებს, ვინც გამოიყენა ეს ტერმინი და რატომ გამოიყენა და როგორ მოატყუა საზოგადოება, ამაზეც უნდა მიმართოთ აუცილებლად, იმიტომ რომ მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცილისწამება, ტყუილი, მით უმეტეს, როდესაც ეს კეთდება რელიგიის სახელით”, – განაცხადა სანიკიძემ.

პეტიციას – “განგაშის” ზარები” ხელს აწერენ საზოგადოების ცნობილი წევრები და ითხოვენ, სკოლებში ახალი საგნები “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველოა” არ შეიტანონ. პეტიციაში აღნიშნულია, რომ “განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს, ახალი სავალდებულო საგნების “მე და საზოგადოება” და “ჩემი საქართველოა” მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა”.

banner
წინა სტატიაშინატო რუსეთის საზღვართან ძალების გადატყორცნას განიხილავს
შემდეგი სტატია“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს