ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის 5 მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, მათ საქართევლოში, სავარუდოდ, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით დიდი ოდენობით თანხა შემოჰქონდათ, რომელსაც შემდეგ კრიპტო ვალუტაში ცვლიდნენ და ამით თანხების გათეთრებას ახდენდნენ. ჯამში ამოღებულია 721 000 აშშ დოლარი.
” გამოძიებით დგინდება, რომ ერთ-ერთი კომპანია საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე ახორციელებდა ვირტუალური აქტივების მომსახურებას, როგორც არალეგალური ოფისის, ასევე ე.წ. საკურიერო სერვისის შეთავაზებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახდენდა ასობით მილიონი ლარის ეკვივალენტი ვირტუალური აქტივების ტრანზაქციას, რითაც ჩართული იყო ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებაში.
გამოძიებით ასევე ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში, სავარაუდოდ, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით ახდენდნენ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანას და ვირტუალური აქტივების შეძენას, რის შედეგადაც დაუსაბუთებელ ქონებას აძლევდნენ კანონიერ სახეს.
მიუხედავად მსხვილი ოპერაციებისა, ფიგურანტ კომპანიასა და ფიზიკურ პირებს, ბიუჯეტში თანხის გადახდა არ უფიქსირდებათ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, ქალაქ თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული კომპანიის ოფისიდან ამოღებულია 371 000 აშშ დოლარი, სააღრიცხვო მონაცემები, დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. აგრეთვე, ამოღებულია ერთი ფიზიკური პირისგან ვირტუალური აქტივების შესაძენად გადასაცემი 100 000 აშშ დოლარი. რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებიდან 250 000 აშშ დოლარი, ჯამში 721 00 აშშ დოლარი.
გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
















