პაატა ბურჭულაძე: მინისტრები ვერც ერთ საკითხს ვერ წყვეტენ, მაშინ რაღად გვინდა სამინისტროები?!

არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის სურვილი, თუ ეს ასე მოხდება, ეს იძულებით იქნება, – ამის შესახებ “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“შეიძლება მთავრობა მოვიდეს გონს და საქართველო სწორად წაიყვანოს. მე ამის დიდი იმედი მაქვს. აბსოლუტურად არ მაქვს სურვილი, რომ პოლიტიკაში ჩავერთო. თუკი ეს მოხდება, ეს იძულებითი იქნება. პრინციპში ველოდებით ყველაფერს. მოქმედი მთავრობის მთავარი პრობლემა გადაწყვეტილების მიღების პრობლემაა. რამდენჯერმე მქონდა შეხება მინისტრებთან. მინისტრები ვერც ერთ საკითხს ვერ წყვეტენ, მაშინ რაღად გვინდა სამინისტროები?! ვერაფერს ვერ წყვეტს ვერც ერთი მინისტრი, ამიტომ უნდა მოვიდეს ხალხი, ვინც გადაწყვეტს, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს და არ შეეშინდება არაფრის”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ამასთან, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მან შემოთავაზება მიიღო ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიასგან, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებისგან, მიხეილ სააკაშვილის გუნდისგან, ხოლო 2012 წლის არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილისგანაც. როგორც ბურჭულაძე განმარტავს, ყველა შემოთავაზების პასუხად მან გადაწყვიტა, რომ ქვეყანას საკუთარი საქმიანობით დადგომოდა გვერდით.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: კიდევ ოთხი წელი ასე რომ გაგძელდეს, როგორც ბოლო ოთხი წელი იყო, ვეღარასდროს დადვდგებით ფეხზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვერენჩხილაძე: სამართლიანი სასამართლო იუსტიციის საბჭოს ამ პირობებში ვერ შედგება