თინა ხიდაშელი: ლავროვმა უნდა განმარტოს, თუ რაზე უნდა ვისაუბროთ ამ შეხვედრაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სერგი ლავროვმა უნდა განმარტოს, რაზე უნდა ისაუბროს ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე.

როგორც ხიდაშელმა გადაცემა 2030-ში აღნიშნა, ვიდრე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის უკანონო საელჩოები არსებობს, რუსეთის მხრიდან, საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოსთან, რამე სახის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია.

„დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამი საელჩო არ იხსნება. ვიდრე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის უკანონო საელჩოები არსებობს, რუსეთის მხრიდან, საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოსთან, რამე სახის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია“,-აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მშვიდობისთვის ყველაფერს აკეთებს. ყოველთვის სჯობს, ილაპარაკო, ვიდრე ერთმანეთს ტყვია ესროლო.

„შეხვედრების პრობლემას ვერ ვხედავ. ორი ქვეყნის მთავარი დიპლომატების შეხვედრას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ბატონმა ლავროვმა უნდა განმარტოს, თუ რაზე უნდა ვისაუბროთ ამ შეხვედრაზე“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა სპეცუბნებზეც გააკეთა კომენტარი:

,, სპეცუბნები ჩვენი ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საგანი რომ გახდა, ეს თავისთავად საინტერესოა, რადგან ამ ადამიანებს არასდროს აინტერესებდათ ეს საკითხი მაშინ, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით სპეცუბნების წინააღმდეგ”.

მინისტრის თქმით, სპეცუბნების გაუქმება იყო მისი და მისი კოლეგების საარჩევნო დაპირება, რომ ამ სისტემით არ უნდა მისულიყვნენ 2016 წლის არჩევნებამდე.

„როდესაც მინისტრი გახვდი, მე მაშინვე გავაკეთე განცხადება, რომ ჩემი თავდაცვის მინისტრობის ორი მთავარი შემადგენელი იქნებოდა ის, რასაც მუდმივად ვებრძოდი – სპეცუბნები და ჰაუპტვახტები. ამ პირობას მე, რა თქმა უნდა, შევასრულებ“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში,, კვირიკაშვილი პარტია ქართულ ოცნებასა და კოალიციას ერთად უხელმძღვანელებს”
შემდეგი სტატია„თქვენ მაგიდაზე შემდგარი სვამდით სააკაშვილის სადღეგრძელოს“(ვიდეო)