700 000-ზე მეტი ხე-მცენარე, 36 სპორტული მოედანი, 143 ახალი ავტობუსი – ნარმანიამ სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მისი ხელმძღვანელობით გამართულ, დედაქალაქის მთავრობის ბოლო სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე დაირგო 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე. 16 მისამართზე მოეწყო სრულიად ახალი სარწყავი ქსელი, რეაბილიტაცია განხორციელდა 63 ლოკაციაზე. მერიამ შეიძინა 12 870 ნაგავშემკრები კონტეინერი და 48 ერთეული მძიმე ტექნიკა. ამასთან, ენერგოეფექტურობის ნაწილში, სხვადასხვა ლოკაციაზე დაამონტაჟეს 2 284 ცალი ლედ-სანათი და განაახლეს თბილისის ანძა.

დავით ნარმანიამ კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, კულტურის ნაწილში, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა 899 მასშტაბური ღონისძიება, გარდა ამისა, მუზეუმების ეფექტური საქმიანობის და მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლის მიზნით, განხორციელდა თბილისის 9 მუზეუმის შერწყმა-გაერთიანება.

რაც შეეხება სპორტს, თბილისის მერის თქმით, საანგარიშო პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 36 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 441 -ს. დედაქალაქის ყველა რაიონში მოეწყო ფიტნეს ზონები. აშენდა რაგბის სავარჯიშო კომპლექსი და ოლიმპიადის ფარგლებში აშენდა არაერთი ახალი სპორტული ობიექტი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებულებს, მათ შორის დინამო არენას.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე ტრანსპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე თბილისის მერიამ EBRD-ის და E5P-ის ხელშეწყობით ევროსტანდარტების შესაბამისი 143 ახალი ავტობუსი შეიძინა. დავით ნარმანიას განცხადებით, მონტაჟდება ავტობუსის ახალი მოსაცდელები.

„მოვაწყვეთ ავტობუსის ზოლები, კომფორტული გადაადგილებისათვის. რაც შეეხება მეტროს, თბილისის მეტროში აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაცია, საანგარიშო პერიოდში სულ მოდერნიზდა 12 ვაგონი და გარემონტდა 32. გაფორმებულია ხელშეკრულება დამატებით 12 ვაგონის შეკეთებაზე. გარდა ამისა, კაპიტალურად გარემონტდა 2 მეტროსადგური და დაწყებულია რეაბილიტაცია 3 სადგურში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაიხსნა და ამოქმედდა ახალი მეტროსადგური – „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა; ასევე, შერჩეულია 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისათვის, რაც თბილისის მერის თქმით, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრემიერს შეხვდა
შემდეგი სტატიაგოგა ონიანის საქმეს ევროკავშირის წარმომადგენლობა აკვირდება