7 თვის განმავლობაში გვაქვს ერთი მიზანი, როგორმე გამოვიყვანოთ ჩემი შვილი იქიდან, სადაც იმყოფება, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე – სააკაშვილის ოჯახის საგანგებო განცხადება და მიმართვა

“7 თვის განმავლობაში გვაქვს ერთი მიზანი, როგორმე გამოვიყვანოთ ჩემი შვილი იქიდან, სადაც იმყოფება, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე” – ასე დაიწყო რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საგანგებო მიმართვა მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ.

“დღეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის იმიტომ, რომ გუშინ გამოცხადდა ახალი დიაგნოზი. სახალხო დამცველის ექიმების ჯგუფი იყო შესული და დაისვა ახალი დიაგნოზი. ჩვენი არ იყოს, აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების ჯგუფი ასევე არიან, თურმე ომის პარტიის წევრები, მაგრამ რას იზამ?! მე კიდევ რატომღაც სწორედ ამ ადამიანების განსაკუთრებული ნდობა მაქვს.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ხელისუფლებაზე ადამიანი სასწრაფოდ გამოსაყვანი და გადასაყვანია სადმე კლინიკაში, ალბათ უცხოეთში, რადგან თვითონ ექიმების აზრია ასეთი, რადგან ჩვენ, სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს შესაფერისი კლინიკა, რომელსაც აქვს ეს გამოცდილება, რომ უმკურნალონ ასეთ დაავადებას, ამიტომ უნდა იყოს უსათუოდ გარეთ და ამის დიდი მოლოდინი და იმედი გვაქვს”,- ამბობს გიული ალასანია.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა იქნება შემდგომი გეგმა, გიული ალასანიამ უპასუხა. რომ სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა და ახლა ელოდებიან როგორ განვითარდება პროცესები.

“ალბათ საზოგადოებას ჯერ კიდევ გათვითცნობიერებულიც კარგად არ აქვს, რა რისკებთან და ზოგადად რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე” – ამის შესახებ კი მესამე პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილი საუბრობს.

“მე როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა და მთელი ოჯახი, პირველ რიგში, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ. ეს ცალსახაა. მე მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე – გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მე მინდა ასევე მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ძალიან აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ არ განმეორდეს საქართველოში ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც ჩვენ დიდი ხნის წინ უკვე მივიღეთ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ” – ამბობს სააკაშვილი.

წინა სტატიაშიბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს
შემდეგი სტატიაუკრაინაში დიდი ბრიტანეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა და მეორე კი უგზოუკვლოდ დაიკარგა