7 ძირითადი განსხვავება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მიღწეულ შეთანხმებულ ვერსიასა და „მოქალაქეებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის მემორანდუმს შორის

შვიდი ძირითადი განსხვავება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მიღწეულ შეთანხმებულ ვერსიასა და „მოქალაქეებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის მემორანდუმს შორის

1. ოპოზიციის შეთანხმებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის ვადამდელი, ტარდება სრულად პროპორციული სისტემით, სტანდარტული ოთხი წლის ვადით.

„მოქალაქეების“ ვერსიაში, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის, შესაბამისად რჩება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არსებული წესი (120 /30 ზე).

2. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს ფორმირება ეფუძნება პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების ოთხი ერთთან თანაფარდობას.

„მოქალაქეების“ ვერსიით, მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველა შემდეგი საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის იქნება არანაკლებ ორი ერთზე პროპორციული სისტემის სასარგებლოდ.

3. ოპოზიციის მემორანდუმში გათვალისწინებულია ყველა დონის კომისიაში რვა საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ კომიიის წევრების დანიშვნა, სრული უფლებამოსილებით;

„მოქალაქეების“ ვერსიაში განსაკუთრებით საგანგაშოა პარტიების მიერ წარდგენილი კომისიის წევრების უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვა, პარტიების მიერ წარდგენილი კომისიის წევრები მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობენ, რაც დღევანდელ მდგომარეობასთან მიმართებაშიც კი არსებითი გაუარესებაა.

ამასთან „მოქალაქეების“ დოკუმენტი ითვალისწინებს კომისიის წევრების წარდგენას მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების მხრიდან და არა არჩევნების შედეგების მიხედვით წევრების წარდგენის უფლებას.

4. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, ყველა დონის საარჩევნო კომისია შედგება 12 – დან 15 – მდე წევრისგან. რვა კომისიის წევრს ნიშნავს რვა საუკეთესო შედეგის პოლიტიკური პარტია, ბოლო არჩევნების შედეგების საფუძველზე, პარიტეტული პრინციპით. ცესკოს პროფესიულ წევრებს 4-7-მდე ნიშნავს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან.

„მოქალაქეების“ მემორანდუმით ცესკოს შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 წევრით.

5. ოპოზიციის მემორანდუმში სავალდებულოდაა გათვალისწინებული, ყველა უბანზე ერთი მაღალი რეზოლუციის კამერის დამონტაჟება, პირდაპირი სტრიმინგით, რომელიც კენჭისყრის პროცესში დაფარავს საარჩევნო ყუთს, ხოლო დათვლის დროს დათვლის მაგიდას. დათვლის პროცესში თითოეული ბიულეტენი უნდა ჩანდეს კამერაზე. დაუშვებელია კამერის განთავსება კენჭისყრის კაბინების დასაფარად ან ამომრჩეველთა სახის გადაღება.

„მოქალაქეების“ ვერსიით, ეს საკითხი სავალდებულო არ არის და საარჩევნო უბნების კამერებით მხოლოდ “შეძლებისდაგვარად“ უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ამასთან არ არის დეტალურად გაწერილი პროცედურა, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ეს დაინერგება.

6. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ ცესკომ უნდა გაასაჯაროვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი უბნის ოქმები შესწორდა, რა მიზეზით და რის საფუძველზე.

„მოქალაქეების“ ვერსიაში არაფერია ნათქვამი ცესკოს ამ ვალდებულებაზე.

7. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ პარტიების წარმომადგენლების საარჩევნო უბნებიდან გაძევება მოხდება კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით და სულ მცირე ორი პარტიის მხარდაჭერით.

„მოქალაქეების“ ვერსიაში არაფერია ნათქვამი ამ საკითხზე, რაც ნიშნავს, რომ კვლავ ერთპიროვნულად კომისიის თავმჯდომარეს ექნება გაძევების უფლება;

სამი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა შეთანხმება, თუმცა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის განსახილველ საკითხთა შორის იყო, ეს საკითხები საერთოდ არ არის მოხსენიებული „მოქალაქეებთან“ გაფორმებულ მემორანდუმში:

1. გიორგი რურუას განთავისუფლების საკითხი;
2. ცესკოს წევრების / ცესკოს თავმჯდომარის შეცვლის საკითხი;
3. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი ამ ეტაპზე არის ის, რომ არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება – კაპანაძე
შემდეგი სტატია“მთავარი არხი”-ს გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს