კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი Telegram არხზე იტყობინება.
სმირნოვმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში რთული ოპერატიული ვითარებაა.
„რეგიონის ტერიტორიაზე მტრის ძალების შეჭრის შედეგების აღმოსაფხვრელად, 7 აგვისტოდან კურსის ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მივიღეთ.
ოპერატიული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, პირადად გავუწევ კოორდინაციას ერთიანი სახელმწიფო სისტემის ძალების მუშაობას საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ ოპერატიული შტაბი ჩემი ხელმძღვანელობით 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. სიტუაციას პირადად ვაკონტროლებ. მუდმივ კავშირში ვარ სამართალდამცავ ორგანოებთან და ფედერალურ ცენტრთან. კურსკის მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიიღება“, – ნათქვამია სმირნოვის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.
7 აგვისტოს რუსმა პროპაგანდისტებმა და ე.წ. „სამხედრო კორესპონდენტებმა“ განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები სასაზღვრო ზონაში იმყოფებიან.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურსკის ოლქზე შეტევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან მასშტაბური პროვოკაციაა.
კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, სურს, უკრაინული მხარისგან გაარკვიოს, თუ რა ხდება კურსკის ოლქში.