თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, 69 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული ამჟამად გურჯაანის იზოლატორშია მოთავსებული.
ოდიშვილის ადვოკატის ცნობით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა, მაისურზე დატანილი წარწერის გამო) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა/შეურაცხყოფა) მუხლებს ედავებიან. უფლებადამცველის თქმით, 173-ე მუხლით წარდგენილი ბრალი ხელოვნურია და საქმეში პოლიციელების შეურაცხყოფის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
„23 აგვისტოს ღამით, როდესაც საპროტესტო აქცია დასრულდა, ბატონი შოთა კანცელარიის შენობასთან ავიდა, იქვე ჩამოჯდა და ტელეფონში თამაშობდა. ეცვა ის მაისური, რომლის ფოტოებიც მოგვიანებით გავრცელდა. პოლიციელებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. მიუახლოვდა ერთ-ერთი პოლიციელი და პოლიციის მანქანასთან გაყოლა მოსთხოვა. ბატონი შოთა, რა თქმა უნდა, დაემორჩილა. მასთან რიგ-რიგობით მიდიოდნენ სხვა პოლიციელები და ეუბნებოდნენ, რატომ გვაგინებდიო, რაზეც პასუხობდა, რომ სიტყვაც არ უთქვამს. ისინი აგრესიული ტონით ცდილობდნენ მის გამოწვევას“, — განუცხადა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“.
ადვოკატის განმარტებით, მაისურის ტარება გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და დაკავებულს ეს ფაქტი არც უარუყვია. ხოლო რაც შეეხება პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, წარმოდგენილი სამხრე კამერების ჩანაწერებით ეს არ დასტურდება.
„სასამართლოში მოიტანეს სამხრე კამერების ჩანაწერები, სადაც ეს პროცესია ასახული. 173-ე მუხლით წარდგენილი ბრალი მოგონილია. ფიზიკურად ვერ დაადასტურებდნენ გინებას ვერანაირი მტკიცებულებით, რადგან მას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ მოიყვანეს ორი მოწმე პოლიციელი, რომლებმაც თქვეს, გვაგინებდაო, თუმცა მათი ჩვენებებიც კი ერთმანეთს აცდენილი იყო“, — აღნიშნავს ადვოკატი.


















