“ერაყელ სტუდენტებს შეუძლიათ სტუდენტის სტატუსი შეიჩერონ, სანამ მათი ბედი გადაწყდება”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, ხარვეზები, რაც ერაყელ სტუდენტებს ბინადრობის მოწმობის აღებისას დაუფიქსირდათ, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გამომდინარეობს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერაყელ სტუდენტებს შეუძლიათ სტუდენტის სტატუსი შეიჩერონ, სანამ მათი ბედი გადაწყდება.

“ერაყელი სტუდენტები უკვე სამი წელია, რაც სტუდენტები არიან. ისინი ამ დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში, მაგრამ ბინადრობის მოწმობის აღების დროს, დაუფიქსირდათ გარკვეული ხარვეზები. ხარვეზები აბსოლუტურად საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ბინადრობის მოწმობა ვერ მიიღეს. რაც შეეხება იმას, რა შეუძლიათ ამის შემდეგ გააკეთონ, ესეც კანონით არის დარეგულირებული, რაც სასამართლოს გზით უნდა გაიარონ. თუ რაიმე დამატებითი დოკუმენტების წარდგენა შეუძლიათ იმისთვის, რომ ბინადრობის მოწმობა მიიღონ, ამის საშუალება ექნებათ. მათ შეუძლიათ, გარკვეული პერიოდით, სტუდენტის სტატუსიც შეიჩერონ, სანამ მათი ბედი გადაწყდება”, – განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება იმას, კონკრეტულად რატომ მიიჩნია იუსტიციის სამინისტრომ სტუდენტები ქვეყნისთვის საფრთხის შემცველებად, სანიკიძემ აღნიშნა, რომ დეტალებზე განათლების სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს.

“ამის ვალდებულება არ არსებობს იმ უწყებიდან. გვაინტერესებს, რომ ყველა სტუდენტის უფლება იყოს დაცული, თუმცა, საკანონმდებლო სივრციდან არ უნდა გამოვიდეთ”, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რვა ერაყელ სტუდენტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ბინადრობის უფლება გასული წლის 25 დეკემბერს შეუჩერა. სტუდენტების განმარტებით, სამინისტროში უარის მიზეზად ის განმარტება მიიღეს, რომ სახელმწიფოსთვის საშიშროებას წარმოადგენენ.

გასული წლის ბოლოს, 8 ერაყელი სტუდენტის მსგავსად, ბინადრობის უფლება 4 სტუდენტს შეუჩერდა, თუმცა, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანს ბინადრობის უფლება მიეცათ.

banner
წინა სტატიაში“თუ მექნება საშუალება, პრეზიდენტის გამოსვლას აუცილებლად დავესწრები”
შემდეგი სტატიასად და ვის მიერ იგეგმება პოლიტიკოსების და ჟურნალისტების შანტაჟი- კილაძის სკანდალური განცხადება