პარლამენტი “გაზპრომის” საკითხზე საკომიტეტო მოსმენის გამართვის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენის გამართვის მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ ტყემალაძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტში კახა კალაძის მისვლისა და “გაზპრომის” საკითხზე ღია საკომიტეტო განხილვას თაობაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას გამოეხმაურა. თავად კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თემაზე ენერგეტიკის მინისტრს პირადად შეხვდნენ და მასთან დახურულ კარს მიღმა ისაუბრონ. “გასული წლის დეკემბერი პარლამენტისთვის საკმაოდ დაძაბული იყო, ამიტომ ასეთი განხილვის გამართვის თაობაზე არ გვიმსჯელია. საერთოდ, ჩემი პრინციპული პოზიციაა და მე არ მიმაჩნია, რომ ღია, პირდაპირ ეთერში უნდა იყოს გარკვეული თემები გაცხადებული. გუშინ ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კახი კალაძესთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ და აბსოლუტურად ყველა თემაზე მიღებული იყოს პასუხი. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ყველამ რომ ცალ-ცალკე მოითხოვოს მინისტრთან შეხვედრა, რამდენად მიზანშეწონილია? ჩვენ პარლამენტის ხელმძღვანელობასთან და კომიტეტში განვიხილავთ საკითხის მიზანშეწონილობას”, – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე. გარდა ამისა, ტყემალაძე აღნიშნავს, რომ “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ბაზრის დივერსიფიცირებაზე საუბარი არ არის. “გაზპრომთან” მოლაპარაკებები ბოლო 10-15 წლის განმავლობაში და ალბათ კიდევ უფრო ადრეული პერიოდიდან მიმდინარებს. მასთან ურთიერთობები არასდროს შეწყვეტილა. საქმე ეხება ტრანზიტის სახით მიწოდებული გაზის მომსახურების ღირებულების საკითხს. დღესაც იგივე ხდება და არავითარი სიახლე არ არის” – ამბობს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი “გაზპრომთან” გამართული შეხვედრების გასაჯაროებას და პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მისვლას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე ორგანიზაციამ გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის ავტორებიც ხაზს უსვამენ, რომ “გაზპრომი” რუსული პოლიტიკური გავლენის სერიოზული იარაღი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული, არაგამჭვირვალე ორგანიზაციაა, რომლის ქართულ ბაზარზე რაიმე ფორმით დაბრუნება და მისთვის საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის სერიოზული ბერკეტის გადაცემა დაუშვებელია.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/361860-parlamenti-qgazpromthanq-molaparakebebze-sakomiteto-mosmenis-gamarthvis-mizanshetsonilobaze-imsjelebs.html

banner
წინა სტატიაშივან დეიკის ტილოს საქმეზე საგამოძიებო სამსახურში ეკა აბაშიძის დაკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველო აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხი შესაძლოა დღეს გადაწყდეს