საქართველოსთვის ირანიდან გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობს

gociridze

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირანი საქართველოსთვის გაზის მიწოდებას აპირებს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი,ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე გამოეხმაურა.

gociridze
“დღეს ამის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობს.
საბჭოთა პერიოდში ირანული გაზი აზერბაიჯანის გავლით ცალკე მილსადენით შემოდიოდა საქართველოში. დღეს ის ამორტიზებულია. იგი ამ ათიოდე წლის წინათ გამოგვადგა, როცა რუსთმა ჩრდილოეთ კავკასიაში სპეციალურად ააფეთქა ჩვენთან დამაკავშირებელი გაზსადენი და ცივ ზამთარში გასაყინად გაგვწირა. იგი ერთ თვეში ”აღადგინეს”. სწორედ ერთი თვე ყოფნის სომხეთს თავისი მიწისქვეშა გაზსაცავის რეზერვები. ამიტომაც გახდა რუსეთი იძულებული, განეახლებინა გაზის მიწოდება.
ირანიდან სომხეთში ვიწრო, დაბალი გამტარიანობის მილსადენით მიეწოდება გაზი. თეორიულად შეიძლება ამ გაზის მიერთება ჩრთილოეთ-სამხრეთის ( რუსეთ -საქართველო-სომხეთის) მაგისტრალურ გაზსადენთან. აქედან რუსული გაზი მიედინება სომხეთისაკენ და იქიდან ირანული გაზის მიღება ტექნიკურად შეუძლებელია. თუნდაც იმ შემთხვევაში, რუსული გაზისგან საერთოდ რომ დავაცარიელოთ.
უფრო სხვა რამეა მოსალოდნელი: ირანი სომხეთს მიაწვდის დამატებით გაზს, რუსეთი კი სანაცვლოდ ჩვენ. არავითარი ირანული გაზი აქ არ შემოვა. გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდება, რომ რუსული გაზი უფრო ”იაფია” ირანულთან შედარებით, რაც საფუძველი გახდება კონტრაქტის შეცვლის.
გარდა ამისა, სომხეთში არსებული მილსადენები ეკუთვნუს რუსეთს და ყოველთვის შეიძლება იგი გადაიკეტოს საქართველოსთვის ” გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების” გამო.
ირანთან გასაფორმებელი ხელშეკრულების აუცილებელი მონაწილე გაზპრომიც იქნება.
ამ პროცესში იკარგება დრო აზერბაიჯანისადმი დამატებითი გაზის მოსათხოვნად.
მას შემდეგ, რაც თურქეთის და აზერბაიჯანის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ შაჰდენიზ 2-ის პროექტი და დამატებითი გაზის მოცულობები დაგეგმილ 2018 წელზე ადრე იქნას მიღებული და შესაბამისად, ჩვენ ტერიტორიაზე გატარებული, მთავრობის ასეთი ფორსირებული აქტივობები რუსული მიმართულებით ბევრ ეჭვს აღძრავს. მათ შორის იმას, ხომ არა აქვს რუსეთს საქართველოს მთავრობაზე , უფრო ზუსტად მის არაფორმარულ მმართველზე ზემოქმედების დამატებითი, ჩვენთვის დღემდე უცნობი ბერკეტები?
ან შეიძლება, უბრალოდ ეს ინტერესთა თანხვედრა იყოს?-აცხადებს რომან გოცირიძე.

ირანი

შეგახსენებთ, რომ ირანი საქართველოსთვის გაზის მიწოდებას აპირებს და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, – როგორც ირანული მედია იტყობინება, ამის შესახებ ირანული კომპანია NIGEC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალირეზა კამელიმ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ირანული გაზი საქართველოს სომხეთის გავლით მიეწოდება.
“მოლაპარაკებების თანახმად, გაზს საქართველო  სომხეთის საზღვარზე მიიღებს”, – განაცხადა ალირეზა კამელიმ და დასძინა, რომ გარიგების ხელმოსაწერად, გაზის ექსპორტის გეგმა საქართველოსთვის ეკონომიკურად სახარბიელო უნდა იყოს.
გეგმის თანახმად, საქართველოს დღეში 300-500 მილიონი კუბური ფუტი ირანული გაზი მიეწოდება, რაც საქართველოს ელექტროენერგიის წარმოებას მოხმარდება.
კამილის განცხადებით, საქართველოსთვის განკუთვნილი ირანული გაზი შიდა მოხმარებისთვისაა გათვლილი და მისი ევროპაში ექსპორტზე  გატანა არ იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიეგეოსის ზღვამ თურქეთის სანაპიროზე 21 მიგრანტის ცხედარი გამორიყა
შემდეგი სტატიასახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფმა 2 000-ზე მეტმა ბავშვმა პრეზიდენტისგან ფულადი დახმარება მიიღო