პრემიერი პატრიარქს: მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ თქვენ ოჯახის წევრი გახდით საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის

მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ ოჯახის წევრი გახდით საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქოში, პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავ საზეიმო ტრაპეზზე.
კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის SMS-ი წაიკითხა, სადაც საუბარია, რომ 2015 წლის განმავლობაში საქართველოში დაიბადა თითქმის 60 ათასი და გარდაიცვალა 48 ათასი ადამიანი.
“დაახლოებით 11 ათასით მეტია დაბადებულების რიცხვი ბოლო სამი წელია და ეს ტენდენცია გრძელდება. იმან, რომ თქვენ დაინათესავეთ მთელი საქართველო, თქვენი ინიციატივის შედეგად, როდესაც შემოიღეთ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების ნათლობა, ძალიან დიდი გავლენა იქონია საქართველოში დემოგრაფიულ სურათზე და მე არ მგონია ვინმეს ამაში ეჭვი ეპარებოდეს. მარტო ეს ინიციატივა თქვენ ისტორიაში შეგიყვანდათ, რომ არა კიდევ ასობით ამის მსგავსი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ ასეთი შინაური, ოჯახის წევრი გახდით საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. თქვენ ხართ ჩვენი უახლოესი ადამიანი და როგორც ასეთ უახლოეს ადამიანს, მინდა სითბოთი და სიყვარულით გისურვოთ ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე”, -მიმართა პრემიერმა პატრიარქს.
მთავრობის მეთაური გუშინ, ასევე, პატრიარქის დაბადების 83-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტსაც დაესწრო. კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის საშობაო შემოქმედებითი საღამო – “მიყვარხართ” თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ რაჭველი: “შემრცხვა, რომ მე არ მცივა და არ მშია”
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები კვლავ ვერ განხორციელდა