67-ე სკოლაში სასწრაფო გამოიძახეს – იძალადა თუ არა მასწავლებელმა მოსწავლეებზე?

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის მხარდამჭერ საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორი პედაგოგის სკოლიდან გაშვებას აპირებს. მოსწავლეები დღეს გაკვეთილებზე არ შევიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ სკოლის 3 მოსწავლეს იძულებით დააწერინეს განცხადება, თითქოს ქიმიის მასწავლებელი მოსწავლეებზე ფიზიკურად ძალადობდა. თავად პედაგოგი დოდო კეზუა კი ამჟამად ბიულეტენზე იმყოფება და სკოლაში არ მისულა.

67-ე სკოლაში დღეს სასწრაფოც გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის დირექტორმა მე-12 კლასელების დამრიგებელს სკოლიდან გათავისუფლების მუქარით აქციის ჩაშლა მოსთხოვა დამრიგებელი კი შეუძლოდ გახდა.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს თავად ქიმიის პედაგოგი. დოდო კეზუა ამბობს, რომ დირექტროსა და მას შორის დაპირისპირება მას შემდგ დაიწყო, რაც სკოლის დირექტორის წინააღმდეგ მან სახალხო დამცველს მიმართა.

„სათვალთვალოდან უთვალთვალებდა, ეუბნებოდა მოსწავლეებს, გინდა თუ არა დამიწერეთ რას აკეთებთ გაკვეთილზე. ვუთხარი დაანებე თავი ამ ბავშვებს თავი მეთქი, მაინც გაიმეორა და თითით ელაპარაკა. სკოლა ჩემია და მე როგორც მინდა ისე წარვმართავ და თქვენ დაწერთ ამასო. ვითომ 4-ში მოხდა ასეთი ინციდენტი თითქოს მე მოსწავლეს დავარტყი. გამოკვლევა მოხდა მოხდა მანდატურის გავლით. ყველა ეს გამოკვლევა მიმდინარეობს მანდატურის გავლით და ბავშვებს ათქმევინა სიცრუე, ტყუილი. შემომითვალა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პირით, რომ დაწეროს განცხადება, თორემ უნდა გავათავისუფლოო,“-განაცხადა №67-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელმა დოდო კეზუამ.

საპირისპიროს აცხადებს სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ერთ-ერთი მშობელი. მისი თქმით, კეზუას წინააღმდეგ სადისციპლინო საბჭოში შეტანილია რამდენიმე სარჩელი ბავშვების ცემასა და შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, საიდანაც ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის მიერაა შეტანილი.

67-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტების შესწავლის მიზნით განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური მუშაობს. აუდიტის დასკვნის შემდეგ კი სამინისტრო პირველ კომენტარს გააკეთებს.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებას ახალქალაქში მაჟორიტარ კანდიდატებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჰყავს დასახელებული’’ – გიორგი კანდელაკი
შემდეგი სტატია(foto) ივანიშვილს ასწლოვანი მუხა ზუგდიდიდან ურეკში მიაქვს? – ფოტორეპორტაჟი