67 803 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2018 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 67803 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალათ და კვლავ 7%-ზე დარჩა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 3 303.6 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1-ლი ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 3,815-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 3, 005.4 მილიონიდან 3, 303.6 მილიონ ლარამდე.

67,803 ხელშეკრულებიდან 19,605 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი, 351.7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ლი ნოემბრის მდგომარეობთ, 16.3% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1-ლი ნოემბრის მონაცემებით, 24,730 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.49%-ში. მთლიანი პორტფელი კი, 974.4 მილიონი ლარია.

19,805 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1,745.8 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 572.7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1-ლი ნოემბრის მონაცემებით 1,173.1 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.4%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ლი ნოემბრის მონაცემებით, 873 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14,766 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15.1%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2,580 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომლის კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 53.5 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 29.6%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1,579.6 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.6%-დან 12.3%-მდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ინფლაციის დაბალი დონის, საგარეო სექტორის დადებითი ტენდენციებისა და ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის მეტწილად სტაბილურობის პირობებში, მოსალოდნელი იყო რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.9% შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით (3%) ნაკლებია. ზრდის ტენდენციები ფიქსირდება ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კუთხითაც, შემცირება გვაქვს მხოლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში.

დეკემბერში სტაბილურობას ინარჩუნებს გაცვლითი კურსიც (1 აშშ დოლარის ღირებულება 2.66 ლარის ნიშნულზეა). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სესხებზე არსებული და დაგეგმილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მომდევნო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს ან შეამციროს რეფინანსირების განაკვეთის მიმდინარე მაჩვენებელი, რაც ხელს შეუწყობს მოსახლობის ხელმისაწვდომობას ფინანსებზე.

banner
წინა სტატიაშიპარადოქსულ რეალობაში ვცხოვრობთ, ნიკა მელია მოძალადესა და კრიმინალს ირაკლი კობახიძეს უწოდებს
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი –ალიანსი აღიარებს, რომ რუსეთი თავის აგრესიულ საქციელს არ ცვლის