“თუ იაშვილის კლინიკის ექიმებს სურთ, საქმეში სხვა ექსპერტები ჩართონ, მოსაზრება უნდა გაგვიზიარონ”

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იაშვილის კლინიკაში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს, რომელიც ექიმებს ეხება, სამინისტროს პროფესიული განვითარების სააგენტო დეტალურად სწავლობს.

ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის კლინიკის ექიმებისა და ხელმძღვანელობის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ექიმებს შეუძლიათ უწყებას საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ.

“იაშვილის კლინიკა ერთ-ერთი სათავო დაწესებულებაა ბავშვთა სტაციონალურ სერვისებში და ალბათ, ყველაზე დიდი ნაკადია იქ პაციენტების. სამწუხაროდ, იქ ხდებოდა შემთხვევები, როდესაც თავს დაესხნენ მკურნალ ექიმს, რომელიც რამდენიმე ხანში გარდაიცვალა. ასევე, ახლახანს იყო საჩივარი პაციენტის მკურნალობაზე. ყველა ასეთ შემთხვევას, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების სააგენტო დეტალურად სწავლობს და გამოაქვს დასკვნები. თუ იაშვილის კლინიკის ექიმებს სურთ, რომ სხვა რესურსები ჩართონ და საერთაშორისო ექსპერტები, ალბათ უნდა გავიზიარონ თავისი მოსაზრება”, -განაცხადა სერგეენკომ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა დღეს საგანაგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო არის მთავარი რეფერალური პედიატრიული დაწესებულება, რომელშიც კრიტიკული მედიცინის 90 საწოლია განთავსებული.

“ვითვალისწინებთ რა საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესს ჩვენი კლინიკის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ. მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოელ დამოუკიდებელ ექსპერტებთან გადამოწმდეს და დასკვნის სახე მიეცეს რამდენიმე სადავო შემთხვევას და საჭიროების შემთხვევაში ეს დასკვნა გახდეს საზოგადოებისთვის გამჭვირვალე.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავაკნინებთ ქვეყანაში ექიმის როლს და დავიცვათ ექიმის უფლებები, მორალურად ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც თეთრი ხალათი აცვია, ძალიან რთულია გაუძლოს ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად დაუმსახურებელ აგრესიას და ზეწოლას”, – ნათქვამია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელის მკვლელობის გამო თელავში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა
შემდეგი სტატია“ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა”