“დღევანდელმა დღემ დაგვანახა, რომ რეალობაში არაფერი იცვლება”

“დღევანდელმა დღემ დაგვანახა, რომ რეალობაში არაფერი იცვლება. ახალი პრემიერ მინისტრი, როგორც მისი წინამორბედი, არ იქნება ადამიანი, რომელიც სინამდვილეში მიიღებს რეალურ გადაწყვეტილებებს. უბრალოდ შეიცვლება ფორმა. გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს ბიძინა ივანიშვილი თავის სოლოლაკის სასახლეში. ” – ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს.

“რაც შეეხება ხალხის პრობლემების მოგვარებას და სიღარიბის დაძლევას, მათზე ზრუნვა ისევ ძველებურად დარჩება, რადგან არ გითქვამთ, რომ დასრულდება ის პრაქტიკა, რომელიც პრემიების აღებას და დარიგებას უკავშირდება. ისევე, როგორც არ გითქვამთ, რომ დასრულდება ბიძაშვილ-მამიდაშვილების დასაქმება.

არ გითქვამთ, რომ სამსახურში მიღება-გათავისუფლება არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ კომპეტენციისა და განათლების შესაბამისად მოხდება. რაც შეეხება პენსიების გაზრდას, თქვენ აღნიშნეთ, რომ არსებული ბიუჯეტის შესაძლებლობების ფარგლებში თქვენ აკეთებთ მაქსიმუმს. მინდა გითხრათ უბრალოდ მშრალი ციფრები. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფო ბიუროკრატია გაიზარდა 12 976 საშტატო ერთეულით. ამ პერიოდში პრემია-დანამატებზე დახარჯულია 16 მილიონზე მეტი. მხოლოდ 2015 წელს პრემია-დანამატეზე 17 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

რბილ ავეჯსა და ინვენტარში, როდესაც ქამრების შემოჭერის თაობაზე მთავრობამ დადგენილება მიიღო, 19 მილიონზე მეტი დაიხარჯა. ამას ყველაფერს დავამატოთ პერსონალურ მანქანებზე დახარჯული თანხა, რომელიც მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ინფორმაცია ვერანაირად მოვიპოვე. საბოლოოდ გამოვა ის თანხა, რაც პენსიების გაზრდას სჭირდება 2016 წლის პირველი იანვრიდან. პატივცემულო მთავრობის წევრებო, ნუღარ გასცემთ 2016 წელს დანამატებს. ნუღარ იყიდით 24 ათასიან ბატუტიან საწოლს, მით უმეტეს, დაგხვდებათ სამინისტროში. ნუღარ დაკავდებით პარტიული აქტივისტების საშტატო ერთეულების გაზრდით და ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ პენსია და დაეხმაროთ ხალხს რეალურად”.

banner
წინა სტატიაში,,არც თქვენ იცოდით, რომ პრემიერი გახდებოდით, შესაბამისად ვერც კადრებს ვერ შეარჩევდით”
შემდეგი სტატიათბილისის განახლებული ანძა საზეიმოდ აინთო