გიორგი კვირიკაშვილი: მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ გავუიოლოთ ბიზნესს ხელისუფლებასთან ურთიერთობა

news
ავტ.: news დეკემბერი 29, 2015 14:52

გიორგი კვირიკაშვილი: მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ გავუიოლოთ ბიზნესს ხელისუფლებასთან ურთიერთობა

ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავუიოლოთ ბიზნესს ხელისუფლებასთან ურთიერთობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პრიორიტეტი იქნება მაქსიმალური ორიენტაცია კერძო სექტორზე.
“სადაც კი იქნება შესაძლებლობა, რომ კერძო სექტორმა შეასრულოს ესა თუ ის პროექტი, სახელმწიფო არ ჩაერევა, სადაც კი იქნება საშუალება გამოყენებული იქნას კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის მოდელი, იქნება გამოყენებული.
ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავუიოლოთ ბიზნესს, კერძო სექტორს ხელისუფლებასთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა. ამისათვის ჩვენ ვგეგმავთ ახალი პროექტის წამოწყებას. ეს იქნება იურიდიული პირებისთვის იმ კონცეფციის გაფართოება, რომელიც დღეს გვაქვს ფიზიკური პირებისთვის.
ჩვენ შევქმნით ერთიან მომსახურების ფრონტს მთავრობისთვის, რათა ბიზნესმა, კერძო სექტორმა მიიღოს საჯარო სექტორიდან მისაღები მომსახურება ერთ ადგილას, ერთი ფანჯრის პრინციპით. ეს, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გააიოლებს ბიზნესის კეთებას, მეორე მხრივ, მოიტანს ისეთ გვერდით ეფექტებს, როგორიც არის თბილისის ცენტრის განტვირთვა, უძრავი ქონების ბაზრის განვითარება.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ, როგორც ხალხისგან დაქირავებულმა ხელისუფლებამ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს გავუიოლოთ ბიზნესში ჩართვა. იმისათვის, რომ მაქსიმალურად განვტვირთოთ საჯარო სექტორი, იმისათვის, რომ გავხდეთ ეფექტური და მაქსიმალურად ოპტიმიზირებული მთავრობა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სტარტეგიული სექტორების განვითარებას, უპირველეს ყოვლისა მომსახურების, სერვისის სექტორის და ტურიზმის განვითარებას.
კვირიკაშვილმა ისაუბრა ტურიზმის განვითარებაზეც და აღნიშნა, რომ არც ერთი სხვა ინდუსტრია არ ქმნის დროის მოკლე მანძილზე იმდენ სამუშაო ადგილს, როგორც ეს ხდება ტურიზმის შემთხვევაში.
კვირიკაშვილის განცხადებით, ასევე იგეგმება მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ჩართული ტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ადამიანები.
“ვისაც ექნება სურვილი მიიღონ ვიზიტორები, მათ ექნებათ საშუალება საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფომ გარანტირებულად მოამარაგოს ისინი სტუმრებით. ამისთვის ჩვენ სპეციალური დაფინანასების პროგრამასაც შევქმნით”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news დეკემბერი 29, 2015 14:52