გიგლა ბარამიძე: მურუსიძის არჩევით, სამართლიან სასამართლოზე საუბარი სრულდება

“დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის, გიგლა ბარამიძის შეფასებით, ხელისუფლებამ მორიგი სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა, როდესაც ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ იქნა არჩეული.

როგორც ბარამიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ლევან მურუსიძე არის ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელები პრაქტიკულად, გაამართლა, ადამიანი, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა სულხან მოლაშვილს და სხვა მრავალ უდანაშაულო ადამიანს.

მისი თქმით, ლევან მურუსიძეს არ აქვს მორალური კრიტერიუმები, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც უპრინციპობის და დამნაშავე სისხლიანი რეჟიმის სახედ იქცა.

„ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ ოფიციალურად გახდა „ნაცმოძრაობის“ – მოძალადე რეჟიმის, სისტემური დანაშაულების შემქნელის და ჩამომყალიბებელის ოფიციალურ მფარველად. ლევან მურუსიძის დანიშვნა არის კოჰაბიტაციის რეალური სახის ჩვენება და შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, – აღნიშნა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას აღესრულებინა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნა – აღედგინა სამართლიანობა, დასჯილიყვნენ დანაშაულებში მონაწილე პირები – დღეს საზოგადოებამ თვალნათლივ იხილა, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ინიშნება ადამიანი, რომლის მხრებზეც არის სისხლი და დანაშაული.

„დღეს, ამ ადამიანის არჩევით, სრულდება საუბარი სამართლიან სასამართლოზე. ეს არის განაცხადი, რომ საქართველოში სასამართლო აღარ იქნება სამართლიანი, ევროპული ფასეულობების გამზიარებელი, თავისუფალი და დემოკრატიული“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ხმათა უმრავლესობით ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: უმრავლესობას არც იმას ეკითხება ვინმე, კვირიკაშვილი უნდა იყოს თუ არა პრემიერ-მინისტრი
შემდეგი სტატია“ეს არის საზოგადოების სრულიად სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება”