“არ ვიცი რა ჰქვია იმ ფენომენს, რომ თანამდებობებზე აღადგინო ის ადამიანები, რომლებიც ამავე საზოგადოებისთვის უსამართლობის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ”

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის ფაქტს გამოეხმაურა.

“გამაოგნებელი ტრანსფორმაცია სტრასბურგის სასამართლომ მოუძებნა შესაბამისი ტერმინი ბატონი მურუსიძის სამართალს და მას გამაოგნებელი უწოდა. მაგრამ მე არ ვიცი რა ჰქვია იმ ფენომენს, რომ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდე, მოხვიდე ამ ლოზუნგით და თანამდებობებზე აღადგინო ის ადამიანები, რომლებიც ამავე საზოგადოებისთვის უსამართლობის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ… მთელ ამ ამბავში ყველაზე დიდი პრობლემა კი არის არა ბატონი მურუსიძე, ან რომელიმე სხვა ერთი კონკრეტული პირი, არამედ ის გარემოება, რომ მისი დანიშვნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა მოქმედ და ყველა მომავალ მოსამართლეს უკეთებს პირდაპირ გზავნილს, რომ თუ თქვენ, მოსამართლეები, ხელს მოაწერთ გირგვლიანის მსგავს უმძიმეს საქმეებს, ჩვენ, საბჭოს წევრები, ხელს მოვაწერთ თქვენს უვადოდ დანიშვნას. ეს არის საქართველოში დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნის იდეის საწინააღმდეგო, ძალიან საშიში მესიჯი”,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად ლევან მურუსიძის კანიდატურას 10 ხმით დაუჭირეს მხარი და აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება. მოქმედი კანონმდებლობა მურუსიძეს შანსს აძლევს, რომ სააპლეციო სასამართლოს მოსამართლედ ხელთავიდან დანიშვნის შემდეგ უვადოდ გამწესდეს მოსამართლედ.
banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძის არჩევას ეკა გიგაური ეხმიანება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს