“მოგვაშორე თავიდან შენს მიერ მოყვანილი უქნარა მინისტრები”- ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

“ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“ღია წერილი ქვეყნის ფაქტიურ მმართველს, ივანიშვილს. ახალი წლის წინ არ მინდა ისე მოგმართო, როგორც ამას იმსახურებ, რამოდენიმე საათის წინ მურუსიძემ პრესკონფერენცია ჩაატარა და ჭკუა დაგვარიგა როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მისი უფლებები არ დაირღვეს.
მაინტერესებს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ რატომ არ აცხადებდით, რომ მურუსიძე და ჩვენი დამქცევი პროკურორები იყვნენ თქვენი კერპები? ეს ხომ იყო სარჩევნო აფიორა!?
ივანიშვილო! პარასკევს, 25 დეკემბერს, იუსტიციის საბჭოში არის მოსამართლეთა კანდიდატურების კენჭისყრა, სადაც ლევან მურუსიძეს და მისნაირების მოსამართლედ ხელახლა დანიშვნას უყრიან კენჭს. დაიმახსოვრე! თუ მურუსიძე მოსამარათლედ დაინიშნა, ყველაფერი შენ დაგბრალდება და არა ღარიბაშვილს, რომელიც როგორც ამბობენ, ლობირებს მურუსიძის კანდიდატურას, ხოლო წულუკიანი გაჩუმებულია, აბა პრემიერს ხომ არ აწყენინებს?
მინდა შეგახსენო ვინ არის მურუსიძე. გირგვლიანების საქმის ერთ-ერთი მოსამართლე, სულხან მოლაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე და გიორგი მიქიაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე, სამივე საქმეზე ნამსჯელი აქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს, სამივე საქმე საქართველომ სამარცხვინოდ წააგო სტარსბურგში.
გიორგი მიქიაშვილის საქმე სტრასბურგში მოვიგე 2012 წლის სექტემბერში, თქვენმა შექმნილა ,,ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა 2012 წლის ოქტომბერში და მოგვევლინე პრემიერად. ნოემბერში, პრემიერის რანგში მიხვედი უზენაეს სასამართლოში და განაცხადე მურუსიძეზე “ეს რა კარგი კაცი გავიცანიო”, ეს იყო მთელი სამოქალაქო საზოგადოების შოკი. მართალია, თქვენ არ უნდა გცოდნოდათ ვინ იყო მურუსიძე, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა წულიკიანმა მიიღო წარმოებაში გიორგი მიქიაშვილის და მოლაშვილის წამების საქმე, ხოლო გირგვლიანის საქმეზე იძახის მე დავწერეო და მინიმუმ საქმის კურსში მაინც უნდა ჩაეყენებინეთ, თუ ვინ იყო მურუსიძე.
სამი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ ვერ მოამზადა ერთ გვერდიანი კანონპროექტი, რათა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში, დოქტორის ხარისხის მქონე მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი სკოლის გვერდის ავლით დანიშნულიყვნენ. იმ შემთხვევაში, თუ უზენაეს სასამართლოში ეს შესაძლებელია, რატომ არ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი დაბალი ინსტანციის სასამართლოებში? იუსტიციის უმაღლესი სკოლა ყოველწლიურად ამზადებს 12-13 მოსამართლეობის კანდიდატს. ხომ იცოდა იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლეებს ვადა რომ გასდიოდათ სამი წლის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრო ამ დღეს რატომ არ შეხვდა მომზადებული? ე.ი წინასწარ გაურიგდით სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეებს, რომ გადანიშნავდით, რაც დიდი სიბინძურეა.
საქართველოს მოსახლეობას, არცერთი სამართლებრივი დაპირება არ შეგვისრულე, თავზე დაგვასვი ყველა ის პროკურორი, რომელიც გვატერორებდა და ფულს გვძალავდა, არ აღადგინე სამართლიანობა, არ გადასინჯეთ პოლიტპატიმართა საქმეები. ესეც ქარხნების აშენება ხომ არ არის. ეკონომიკური წინსვლა? პენსიის მომატება? ამას სჭირდებოდა პოლიტიკური ნება და აქაც მოგვატყუე.
ქუჩაში გამოსვლა რომ შეძლო, დაგრჩა ერთადერთი შანსი, სასამართლოდან მოგვაშორე მურუსიძეები. მიეცი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საშუალება გაატაროს სასამართლო რეფორმა, რომელიც თქვენმა იუსტიციის მინისტრმა პირწმინდად ჩააგდო. აპოლიტიკურ მოსახლეობას ნუ გვაიძულებ ქუჩაში გამოვიდეთ.
ბოლოს, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, ძალიან დაემსგავსეთ “ვანოს შოუს” და “ქერის უბნის” პერსონაჟს. სავარაუდოდ, თქვენგან დაქირავებული ხალხი “ნაციონალებს” გვიწოდებს. ამას აკეთებს ის ხალხი, რომელიც არჩევნებზე “ნაციონალების” დროშით დარბოდა და ახლა ,,ქართული ოცნების” დროშა უკავია. დაიმახსოვრეთ, ამით მე, პაატა ბურჭულაძეს და ა.შ ვერაფერს გვაკლებ, იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ორივეს კარგად გვიცნობს. დამიჯერეთ, ხალხი ფიქრობს, რომ ხატიაშვილი და ბურჭულაძე “ნაციონალებმა” თუ გადაიბირეს, ნაციონალები კარგი ხალხი გამხდარანო და ამით მათ აძლიერებ.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებ დაფიქრდე, თუ რა ხდება ქვეყანაში. სამოქალაქო საზოგადოებას, თამაზაშვილის მმართველობისთვის არ მიგვიცია ხმა, მოგვაშორე თავიდან შენს მიერ მოყვანილი უქნარა მინისტრები”, – ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის წერილში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის განცხადება მედიის გარეშე- განცხადება მხოლოდ ტელეკამერების წინ გაკეთდება
შემდეგი სტატიაახალი წლის ღამეს თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს